ბალანჩივაძე ანდრია მელიტონის ძე [19. V. (1. VI). 1906, პეტერბურგი, – 28. IV. 1992, თბილისი], კომპოზიტორი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე. საქართვ. (1957) და სსრკ (1968) სახ. არტისტი.
ახ. ქართული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მ. ბალანჩივაძის შვილი.
მუსიკის შესწავლა დაიწყო პეტერბურგში, 1918 კი – განაგრძო ქუთაისში, მამამისის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. 1927 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია ფორტეპიანოსა (ი. აისბერგის კლასი) და კომპოზიციის (მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი) განხრით. 1927–31 მიავლინეს ლენინგრ. კონსერვატორიაში, სადაც სწავლა განაგრძო პროფ. ა. ჟიტომირსკისა (კომპოზიცია) და მ. იუდინას (ფორტეპიანო) ხელმძღვანელობით.
ბ. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1925–27 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილ. მუშა ახალგაზრდობის თეატრში, 1931–33 – კ. მარჯანიშვილის დაარსებულ (ახლანდ. მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში, 1935–37 – მუს. მუშფაკში. 1937-იდან თბილ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი იყო, ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს (1940-იდან – პროფესორი). მისი მოწაფეები იყვნენ რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე, მ. დავითაშვილი, გ. ციციშვილი, ნ. სვანიძე და სხვ. 1941–49 იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სიმფ. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართ. კომპოზიტორთა კავშირის დაარსებიდან (1932) – მისი გამგეობის წევრი და შემოქმედებითი და საოპერო-სიმფ. სექციების თავ-რე, 1953–61 და 1968–73 – გამგეობის თავ-რე, 1973–79 – საპატიო თავ-რე. 1957–91 იყო ყოფ. სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. 1940 ჩაწერა 130 აფხაზური სიმღერა (გ. ლაკერბაიასთან ერთად. ნოტებზე გადაიღო გ. ჩხიკვაძემ). ბ-ის დამსახურებაა ქართ. მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. იგი ავტორია პირველი ქართ. ბალეტისა „მზეჭაბუკი“ („მთების გული“), რ-ის პრემიერა გაიმართა 1936 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ქორეოგრაფიის ავტორი – ვ. ჭაბუკიანი, დირიჟორი – ე. მიქელაძე), ბალეტის საბოლოო რედაქცია „მთების გულის“ სახელწოდოებით პირველად ლენინგრ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა წარმოადგინა 1938. „მთების გული“ დაიდგა აგრეთვე კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, სარატოვში, აშხაბადში, ქუთაისში და აღიარებულ იქნა მუს.-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად, რ-ის საფუძველი ეროვნ. ხალხ. ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზია. ბ-ს ეკუთვნის კიდევ ორი ბალეტი: „ცხოვრების ფურცლები“ (დაიდგა მოსკ. დიდ თეატრში 1961, ქორეოგრაფი – ლ. ლავროვსკი) და „მწირი“ (მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით, დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში 1964, ქორეოგრაფი – რ. წულუკიძე); აგრეთვე ლირ.-კომ. ოპერები „მზია“ (დაიდგა 1949) და „ოქროს ქორწილი“ (1970, ორივე თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში). ბ. ქართ. სიმფ. და საფორტეპიანო მუსიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნოვატორულ მოვლენად იქნა აღიარებული მისი პირველი სიმფონია (1944; სტალინური პრემია, 1946), რ-მაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ეროვნ. სიმფ. აზროვნების განვითარებას. სიმფონიის ორიგინ. და მასშტაბურ აღნაგობაში ეროვნ.-ხალხ. საწყისები ოსტატურად არის შერწყმული კლასიკურ და თანამედროვე სიმფონიურ ფორმებთან. ამავე ნიშნებითაა აღბეჭდილი ბ-ის სხვა სიმფონიებიც (II – 1959, III – 1979, IV – 1984). ბ-ის ოთხი საფორტეპიანო კონცერტიდან (I – 1936; II – 1946, სტალინური პრემია, 1947; III – სიმებიანი ორკესტრის თანხლებით, 1952; IV – 1967; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1969) განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს III, რ-იც ბავშვთა სამყაროს ასახავს და ნორჩი შემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია აგრეთვე ბ-ის სიმფ. სურათები „რიწის ტბა“ (1941), „კრწანისის ბრძოლა“ (1943), „დნეპრი“ (1954), „ზღვა“ (1955), სიმებიანი კვარტეტი (1987); მრავალი საფორტეპიანო პიესა, მ. შ. „ნოქტიურნი“, „სამაია“, „ფრესკა“, „რაფსოდია“, „რომანტიკული ციკლი“, „სონატა“ და სხვ.; რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები. დაწერილი აქვს მუსიკა 30-ზე მეტი სპექტაკლისათვის: „ოლეკო დუნდიჩი“ (1942), „კრწანისის გმირები“ (1943), „სირანო დე ბერჟერაკი“ (1944), „მეფე ლირი“ (1948), „პირველი ნაბიჯი“ (1948) – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – „არსენას ლექსი“, „სამი ბღენძი“, „ანათეთ, ვარსკვლავნო“ (სამივე 1931), „შორეული“ (1936), „ხეები ზეზეურად კვდებიან“ (1956), „კეისარი და კლეოპატრა“ (1960), აგრეთვე ქუთ., თელავის, ერევნის თეატრების სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის [„არშაულა“, პირველი ქართ. ხმოვანი ფილმი (რეჟ. დ. რონდელი, 1935), „დაკარგული სამოთხე“ (რეჟ. დ. რონდელი, 1937), „სამშობლო“ (რეჟ. ნ. შენგელაია, 1939), „გიორგი სააკაძე“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1942–43), „დავით გურამიშვილი“ (ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი, 1946), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1951), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1954), „მამლუქი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1958) და სხვ.].
სოციალ. შრომის გმირი (1986). საქ. სსრ I–V მოწვევების უმაღლესი საბჭოსა და სსრკ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: დ ო ნ ა ძ ე ვ., ანდრია ბალანჩივაძე და მისი პირველი სიმფონია, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1946, № 15–16; მისივე, ანდრია ბალანჩივაძის შემოქმედება, «ლიტერატურული საქართველო», 1967, 12 მაისი, № 20; Андрей Баланчивадзе (Сб., статей и материалов), сост. Р. Цурцумия, Тб., 1979; Д о н а д з е В. Г., История музыки народов СССР, т. 1 – 3, М., 1970 – 72; О р д ж о н и к и д з е Г. Ш., Андрей Баланчивадзе, М., 1959; Т о р а д з е Г. Г., Ц у л у к и д з е А. Г., История музыки народов СССР, т. 4–5, М., 1973–74; Х у ч у а П., Советская опера и балет წგ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957; Ц у л у к и д з е А., Творческий путь А. Баланчивадзе, «Советская музыка», 1957, № 8.
ა. წულუკიძე