ბალანჩინი ჯორჯ

ჯ. ბალანჩინი

ბალანჩინი (Balanchine) ჯორჯ (ნამდვ. სახელი და გვარი გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) [9 (22). I. 1904, პეტერბურგი, – 29. IV. 1983, ნიუ-იორკი], ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერ. კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. მ. ბალანჩივაძის შვილი.

1921 დაამთავრა პეტერბურგის მარიამის თეატრთან არსებული თეატრ. სასწავლებელი (პედ. პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 – პეტერბ. კონსერვატორია. 1921–24 პეტერბ. ოპერისა და ბალეტის აკად. თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწ. პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტერბ. „ახალგაზრდა ბალეტს“, რ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვ.). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1925–29 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 – ფრანგ. საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე-1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რ-ის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბ-ს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლ. ენაზე).

ბ. მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირთადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბ-ის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახ. მიმართულებების ფორმირებას. ბ-ის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფ. სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.

ლიტ.: K õ g l e r  H., Balanchine und dasmoderne Ballett, Hannover, 1964; 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011.

ლ. გვარამაძე