ბალაძე დურსუნ ოსმანის ძე (14. II. 1930, სოფ. წყავროკა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 25. IV. 2004, სტამბოლი, დაკრძალულია თბილისში), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1971). დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1956). თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის პროფესორი (1972–78), ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის რექტორი (1978–91). 1991-იდან ბათუმის უნ-ტის მათ. კათედრის გამგე. ბ-ის ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს. შემოიღო კოეფიციენტების ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები); განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია); შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით).
იყო აჭარის ასსრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: ჰომოლოგიის თეორიის საკითხები (ექსტრაორდინარული თეორია), თბ., 1983; Обобщенные гомологические группы Стинрода, «თბილისის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის შრომები», 1972, ტ. 16.
თ. ებანოიძე