ბალბა

ბალბა (Malva), ერთ, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს 10–100 სმ სიმაღლის სწორი, გართხმული ან წამოწეული ღერო, მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი გრძელყუნწიანი ფოთლები და მარტოული ან კონებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები. 40-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ, იშვიათად სუბტროპ. სარტყლებში.

საქართველოში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე, იზრდება 5 სახეობა. მათგან M. silvestris და M. neglecta მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული, M. erecta და M. ambigua – მხოლოდ დას. საქართველოში, M. Pusilla – აფხაზეთსა და ბორჯომში. ბ-ის ზოგიერთი სახეობის (M. Silvestris) ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხ. მედიცინაში, ხმარობენ მხალად.

ლ. ხინთიბიძე