ბალი

ბალი (Cerasus avium), ალუბლის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება და 15–20 მ აღწევს. ნაყოფი კურკიანა – მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი). ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბ-ის ადგილ. ჯიშები. ბ-ს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა, გამონაკლისია ქართ. ბ.). საძირეებად იყენებენ ბალამწარას, ბალღოჯს და ბ-ის კულტ. ჯიშების თესლნერგებს. საქართველოში ბ. გავრცელებულია მეხილეობის ყველა რ-ნში და კურკოვანი კულტურების ნარგაობათა 72%-ს შეადგენს. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს. კარგ მოსავალს იძლევა კორდიან-კარბონატულ და ლამიან ნიადაგებზე. საშ. მოსავლიანობა 50–60 ც/ჰა. ნაყოფი შეიცავს შაქრებს, მჟავეებს, C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. საქართველოში გავრცელებულია საყოველთაოდ ცნობილი ჯიშები – ნაპოლეონის ვარდისფერი, მარკის ადრეულა, დროგანის ყვითელი და სხვ., აგრეთვე ადგილ. ჯიშები – ჭოპორტულა, კახამბალი, ძუძუბალი; დარაიონებული ჯიშებია თათრული შავი, ხარისგულა და დროგანის ყვითელი. ბ. ავადდება გუმოზით, ნაყოფის სიდამპლით. მავნებელთაგან აზიანებს ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი და რინქიტი.

თ. ცერცვაძე