ბალიაური ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე [1907, სოფ. ახიელი, არხოტის თემი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 15. VIII. 1954, ყარაღანდა (ყაზახეთი), დაკრძალულია სოფ. შუაფხოში, დუშეთის მუნიციპ-ში], მწერალი.
1929–34 სწავლობდა ლენინგრ. სახელმწიფო უნ-ტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე. ერთხანს დაპატიმრებული იყო. 1936–41 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე.
პირველი მოთხრობა „დაბრუნებული“ გამოაქვეყნა გაზ. „მუშაში“ (8. VI. 1938). 1939–42 ბეჭდავდა მოთხრობებს ჟურნალებში „ჩვენი თაობა“, „მნათობი“ და გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“. 1941 წიგნად გამოაქვეყნა რომანი „შურისგება“. ბ. დაკავშირებული იყო იატაკქვეშა ორგანიზაციასთან, რ-იც ცნობილია „1942 წლის შეთქმულების“ სახელით. ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრება რომ დაიწყო, მან გაასწრო და სოფ. ჯუთას (ყაზბეგის რ-ნი) შემოგარენში იმალებოდა. 1943 დააპატიმრეს და გაასამართლეს. იმყოფებოდა იგოეთისა და რუსთავის კოლონიებში. 1949 გადაასახლეს ქ. ყარაღანდაში, დაიღუპა ტრაგიკულად – ჭაობში დაიხრჩო (მისი ნეშტი სამშობლოში ფარულად გადმოასვენა და დაკრძალა სიძემ ნიკ. მაკალათიამ). დარჩა დიდძალი ხელნაწერი, დამთავრებული თუ დაუმთავრებელი მოთხრობები, დრამები, რომანები. 1986 ჟურნალ „ლიტერატურის მატიანეში „დაიბეჭდა 5 მოთხრობა, ქვეყნდებოდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც („კლდეკარი“, „ლაშარი“, „საქართველოს ქალი“, „მამული“). როგორც პროზაიკოსი, ბ. ალ. ყაზბეგის სკოლის მწერალია, მისთვის ნიშანდობლივია ორიგინალური, ექსპრესიული სტილი და რომანტიკული ხედვა.
ლიტ.: ჩ ხ ე ი ძ ე რ., დაწყევლილი თაობა, თბ., 1992.
რ. ჩხეიძე