ბალიჭი

ბალიჭი, სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ტერიტორიულ ორგანოში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. ბალიჭისხევის (მაშავრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 800 მ, ბოლნისიდან 18 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 783 მცხ. (2014).

სოფელი მდებარეობს ისტ. დმანისხევში. X ს. შუა წლებში სოფელს გამოეყო მოსახლ. ნაწილი და ქვედა უბნად დასახლდა. სოფლის ზედა უბნის სამხრ.-დას-ით, სოფ. უკანგორისა და პატარა დმანისისაკენ მიმავალ გზასთან საშ. ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია; ადგილ. მოსახლ. მას სურბსარგისსა და დაქცეულ საყდარს უწოდებს. ეკლესია ნაგებია თლილი კვადრების მეტ-ნაკლებად რეგულარული წყობით, შესასვლელი და ერთი სარკმელი სამხრ-იდან აქვს. ბალავრის ქვად გამოყენებულია გვიანდ. ხანის საფლავის ლოდი, რ-ზედაც მამაკაცის გამოსახულებაა. საკურთხეველში ორი ნიშია, თაღი პროფილირებულ სვეტისთავებს ეყრდნობოდა. ეკლესიის შიგა და გარე წყობაში გადაკეთების დროს უადგილოდ ჩაუყოლებიათ ადრინდ. ფეოდ. ხანის ნაგებობის მოჩუქურთმებული ფრაგმენტები, რ-ებზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი, ლოტოსის, ვაზის რტოები. საკურთხევლის ნიშში ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტი. მასზე ერთიმეორის ქვეშ მამაკაცის ორი ფიგურაა, ყველა ეს დეტალი ადრინდ. ქრისტიანული ხანისაა და VI–VII სს-ით შეიძლება დათარიღდეს. ამავე პერიოდისაა ქვის სარკოფაგის სახურავი, რ-ზედაც რელიეფური, ასომთავრული წარწერაა. სოფლის ზედა და ქვედა უბანს შორის, გზის პირას შემთხვევით აღმოჩენილი წარწერა ასე იკითხება: „ჲესეს სული ქრისტე მოიხსენე“. იგი ამოიკითხა და VI–VII სს-ით დაათარიღა აკად. ა. შანიძემ. სოფლის ზედა უბანშივეა მუსლ. მავზოლეუმი – კვადრ. გუმბათოვანი შენობა, რ-საც „მეჩითებს“ ეძახიან, ასევე ახალია სამების დარბაზული ეკლესია, რ-ის ირგვლივ სასაფლაოა.

მატერ. კულტურის ძეგლების მიხედვით ბ. ფეოდ. ხანის ყველა ეტაპზე დასახელებული ყოფილა. იგი იხსენიება საბუთებშიც: 1589 ბ. დასახელებულია „დმანისის ციხის სანახებში“ შემავალ სოფელთა შორის; 1792, 1814 წლებში – ზურაბაშვილების მამულია. ამჟამად სოფელში ქართ. მოსახლეობაა. ბ-ის მახლობლად დგას ხუროთმოძღვრული ძეგლი – აბულმუგის ეკლესია.

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ც., სიმონ მეფის არზა სულთან მურად III-ს, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 7, თბ., 1980; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 1, ტფ., 1899, გვ. 437–438, 477–478; შ ა ნ ი ძ ე  ა., ბალიჭური სარკოფაგის წარწერა, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, № 2.

დ. ბერძენიშვილი