ბალმონტი კონსტანტინე დიმიტრის ძე [4 (16). VI. 1867, სოფ. გუმნიშჩი, ვლადიმირის გუბ., ახლანდ. შუის რ-ნი, ივანოვოს ოლქი, – 23. XII. 1942, ნუაზილე-გრანი, პარიზის მახლობლად], რუსი პოეტი, ერთ-ერთი პირველი რუსი სიმბოლისტი. 1905 რევოლუციისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული „შურისმგებლის სიმღერების“ ციკლის (1907, პარიზი) ლექსებისათვის მას რუსეთში ცხოვრება აეკრძალა. იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რ-თა ხალხების შემოქმედების ნიმუშებს თარგმნიდა ორიგინალიდან. 1920-იდან ცხოვრობდა საფრანგეთში. მისი პოეზიისათვის დამახასიათებელია ფორმის სინატიფე, მუსიკალობა, ვირტუოზული შინაგანი რითმები, ბრწყინვალე ალიტერაცია, ინდივიდუალისტური მსოფლაღქმა, სილამაზისა და გრძნობის კულტი. ბ-ის ლექსები თარგმნილია ევრ. და სხვა ხალხთა ენებზე, აგრეთვე ქართულად (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, გ. ჯაბუშანური, ბ. ახოსპირელი, დუტუ მეგრელი, ლ. ნუცუბიძე, რ. ბეროძე, ბ. კუხიანიძე).
ბ-მა დიდი როლი ითამაშა რუს. ენაზე მსოფლიო ლიტ-რის კლასიკოსთა თარგმნაში. 1913 იგი მარჯორი უორდროპისეული ინგლ. თარგმანით გაეცნო ვეფხისტყაოსანს. აღტაცებულმა მას „სიყვარულის ცისარტყელა, ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი“ უწოდა. პოემის სამყაროს უკეთ აღქმის მიზნით ბ. სამჯერ (1914, IV; 1915; X; 1917, VI–VII) ესტუმრა საქართველოს. მისი ჩამოსვლა თბილისსა და ქუთაისში ტრიუმფად იქცა. პირველი მისალმებით გამოვიდა ა. წერეთელი. ბ-ის გარშემო თავი მოიყარა 10-იანი წწ. მოწინავე ქართვ. საზ-ბამ. მის მეგობართა ძირითად ბირთვს „ცისფერყანწელები“ შეადგენდნენ. მათ აერთიანებდათ ესთეტ. მრწამსიც. ბ-მა გაიცნო ქართვ. ხალხი, გაიგო მისი ოცნება და სატკივარი და მისდამი სიყვარული გამოხატა ექსპრომტებში, ლექსებში საქართველოსადმი, პირად წერილებში, სტატიებში (ზოგიერთი დართული აქვს ვეფხისტყაოსნის თარგმანის 1933 გამოცემას), ლექციებში, რ-ებითაც მოიარა რუსეთის 20-მდე ქალაქი პეტერბურგიდან ხარბინამდე. ვეფხისტყაოსანს ბ. თარგმნიდა რევ. მძიმე წლებში. მას მასალითა და კონსულტაციით ეხმარებოდნენ ნ. მარი, ტ. ტაბიძე, ა. ყანჩელი, გ. ქართველიშვილი. 1917 დაასრულა შრომა, მაგრამ თარგმანის სრული ტექსტი ბ-მა გამოსცა ემიგრაციაში ყოფნისას, 1933 დავით ხელაძის პარიზის სტამბაში. თარგმანის მდიდრული გამოცემა ბ-მა გამოგზავნა ყოფ. სსრკ-ში. პოემა თარგმნილია ვახტანგისეული გამოცემის მოკლე რედაქციიდან. მისი თანადროული ქართული პრესა მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავდა პოეტისადმი. ეს აღიბეჭდა გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილისა და სხვათა ლექსებში; აღიბეჭდა წერილებში, ფოტოებში, კარიკატურებშიც კი.
ბალმონტისეული თარგმანი შეავსეს ინდო-ხატაელთა ამბით (მთარგმნელი ელენე ტარლოვსკაია). ყოფ. სსრკ-ში თარგმანი გამოიცა 5-ჯერ (1935, 1936; 1937-სამჯერ). ნაკლის მიუხედავად [ჭარბი მუსიკალობა (შინაგანი რითმების გამოყენებით) და ლირიზმი (პოემის აზრობრივი სიცხადის გაბუნდოვანების ხარჯზე)] ბ-ის თარგმანი თავიდანვე დიდ ლიტ. ფაქტად იქცა. ბ-ის გულწრფელი სიყვარული ამ ძეგლისადმი, რუსთაველისა და ქართვ. ხალხისადმი თვალნათლივ გამოიხატა მის დიდ შრომასა და ქართ. კულტურასთან ურთიერთობაში. 1968 ქართვ. ხალხმა თბილისსა და ქუთაისში საზეიმოდ აღნიშნა ბ-ის დაბადების 100 წლისთავი.
ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ლ., ბალმონტი და საქართველო, თბ., 1972; „ასი ღირსახსოვარი სახელი“, თბ., 2014; დ ო ნ დ უ ა მ., კ. ბალმონტი და ქართველობა, «მნათობი», 1960, № 10; ი ა შ ვ ი ლ ი პ., „ვეფხისტყაოსანი“ და კ. ბალმონტი, წგ.: პოეზია. პროზა. წერილები. თარგმანები, თბ., 1975; ი ო რ დ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს., ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი, თბ., 1964; მ ე გ რ ე ლ ი ძ ე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970, გვ. 241 – 245; ტ ა ბ ი ძ ე ტ., კ. ბალმონტი და საქართველო, «საქართველო», 1917, № 129; წ ე რ ე თ ე ლ ი ა., Речь на банкете в честь поэта Бальмонта, თხზ. სრ. კრ., ტ. 15, თბ., 1963; Андгуладзе Л., Константин Бальмонт о Руставели, «Дружба народов», 1966, № 9; Балуашвили В., В содружестве с переводчиком поэмы Руставели, «Литературная Грузия», 1963, № 12; Бальмонт-Бруни Н., Бальмонт и Грузия, იქვე, 1966, № 9 – 10; История русской литературы конца XIX-нач. XX вв. Библиографический указатель, М.-Л., 1963.
ლ. ანდღულაძე