ბალნეოლოგია

ბალნეოლოგია (ლათ. balneum – აბანო, ბანაობა და ბერძნ. logos – სიტყვა, მოძღვრება), კურორტოლოგიის ნაწილი, რ-იც შეისწავლის მინერალური წყლების ფიზ. და ქიმ. თვისებებს, სამკურნ.-პროფილაქტ. მიზნით მათი გამოყენების მეთოდებს, სამედ. ჩვენებებს და წინააღმდეგ ჩვენებებს. ბ-ის სპეც. ნაწილია ბალნეოთერაპია, მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ბალნეოტექ. და კურორტოგრაფია (კურორტების აღწერა). ბ. მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა ფიზიოთერაპია, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, კლინიკური მედიცინა და სხვ.

ბ. ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს-ში, როდესაც ჰეროდოტემ შეიმუშავა მინერ. წყლებით სხვადასხვა დაავადების მკურნალობის წესები. ჰიპოკრატემ (ძვ. წ. V–IX სს.) აღწერა მდინარისა და ზღვის წყლების სამკურნ. თვისებები. XV ს. იტალ. ბერმა ჯ. სავონაროლამ გამოსცა ტრაქტატი მინერ. წყლის აბაზანებით სარგებლობის შესახებ. XVII–XVIII სს-ში მეცნ. ბ-ის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა გერმ. მეცნიერმა ფ. ჰოფმანმა. მან პირველმა დაადგინა მინერ. წყლების ქიმ. შედგენილობა. რუსეთში ბ-ის შესახებ პირველ ცნობებს გვაწვდიან გ. შობერი, ი. გიულდენშტედტი, პ. პალასი (XVIII ს.). რუსეთში ბ-ის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ს. ბოტკინმა და გ. ზახარინმა.

საქართველოში მინერ. წყლებსა და ტალახს სამკურნალოდ ძველთაგანვე იყენებდნენ, ამის შესახებ ცნობებს ვხვდებით ძვ. ქართ. სამედ. ძეგლებში „უსწორო კარაბადინში“ (XI ს.), „იადიგარ დაუდში“ (XVI ს.) და სხვ. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ მოხსენიებული აქვს აბასთუმნის („ოძრხეს“, იგივე „ოცხეს“) ცხელ წყაროებზე აგებული აბანოები, აგრეთვე „დვალეთის ვეძა“ – კუჭ-ნაწლავის სამკურნ. წყალი ნ. ბერძენიშვილის ცნობით, წყალტუბოს მინერ. წყლების სამკურნ. თვისებები ცნობილი იყო XII ს-იდან.

ბ-ის განვითარება საქართველოში დაკავშირებულია ა. ალადაშვილის სახელთან, რ-მაც შეისწავლა კურ. ბორჯომის მინერ. წყალი და 1911 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაუყარა მეცნ. ბ-ის განვითარებას საქართველოში. მას შემდეგ, რაც 1927 ი. კონიაშვილის თაოსნობით დაარსდა კურორტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ბ-ის განვითარებას საქართველოში ფართო გასაქანი მიეცა. თბილ. სამედ. და ექიმთა დახელოვნების ინ-ტებში შეიქმნა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრები. 1938 გაიხსნა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. 1952 შეიქმნა საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნ. საზ-ბა. ამჟამად ბ-ში მუშაობას წარმართავს ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. შესწავლილია ბ-ის აქტუალური საკითხები: სამკურნ. მინერ. წყლების ფიზ.-ქიმ. თვისებები (ა. ჯანელიძე, ს. ჩიხლაძე, ი. ბუაჩიძე, ვ. ჯალიაშვილი, ტ. ჩიჩუა და სხვ.), მინერ. წყლების ფიზიოლ. მოქმედების მექანიზმები (ა. ალადაშვილი, გ. ვაწაძე, ა. ბაკურაძე, მ. ლეჟავა, რ. მესხრიკაძე, ა. რობაქიძე, თ. ყიფიანი, მ. დგებუაძე, რ. ჩხენკელი და სხვ.), მინერ. წყლებისა და სამკურნ. ტალახის თერაპიული მოქმედება (ი. კონიაშვილი, დ. ჯავახიშვილი, მ. ტყემალაძე, შ. ფარჯანაძე, გ. წითლანაძე, მ. ნოდია, მ. ჯუღელი, ო. შავიანიძე, თ. კარტოზია და სხვ.); საფუძვლიანად არის შესწავლილი კურორტები: ბორჯომი (ა. ალადაშვილი, ნ. ყიფშიძე, შ. ფარჯანაძე), წყალტუბო (გ. წითლანაძე), აბასთუმანი (ი. გოპაძე, ი. აბაკელია, ა. უშვერიძე), აფხ. კურორტები (ა. გრიგოლია, ნ. მგელაძე), აჭარის კურორტები (ე. მგალობლიშვილი), თბილ. ბალნეოლ. კურორტი (მ. ზანდუკელი), თბილ. საგარეუბნო კურორტები (მ. ნოდია). საქართველოში გამოვლენილია სხვადასხვა ქიმ. შედგენილობის 2 ათ-ზე მეტი მინერ. წყარო (დღ-ღ ჯამური დებიტი 120 მლნ. ლ-ზე მეტი), რ-თა ბაზაზე გაშენებულია ბალნეოლ. კურორტების ფართო ქსელი. სხვადასხვა დასახელების მინერ. წყალი („ბორჯომი“, „სნო“, „ნაბეღლავი“, „კობი“, „საირმე“ და სხვ.) ბოთლებში ჩამოისხმება.

გ. უშვერიძე