ბალღოჯი

ბალღოჯი (Cerasus mahaleb), 5–6 (10) მ-მდე სიმაღლის ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს მუქი ნაცრისფერი ქერქი, უფრო ხშირად ფართო კვერცხისებრი, თითქმის მომრგვალო ფოთლები, ფარისებრ მტევნებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები. მწიფე ნაყოფი მუქი წითელი ან შავია, პრიალა, მწარე გემო აქვს.

იზრდება აღმ. საქართვ. ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, უფრო ხშირად კლდოვან და ქვიან ფერდობებზე – ქართლში (ახალდაბა, მცხეთა, თელეთი, ლეღვთახევის ხეობა, ვერის ხეობა, თბილისი), გარეკახეთსა (გარეჯის უდაბნო) და თრიალეთში (თეთრი წყარო – ხრამის ხეობა); აგრეთვე აზერბაიჯანში, სომხეთში, ევროპასა და მცირე აზიაში. იყენებენ კულტ. ბლისა და ალუბლის საძირედ; მასზე დამყნილი ალუბლისა და ბლის ჯიშები გვალვაგამძლეა, ზომიერად ტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში კი – უხვმოსავლიანი. ბაღებში აშენებენ დეკორ. მცენარედ. მაგარ მერქანს იყენებენ სახარატო და სადურგლო საქმეში, თესლს – ნუშის საპნის დასამზადებლად, ფოთლებისა და ნაყოფის გამონაწურს – პარფიუმერიაში.

ლ. ხინთიბიძე