ბამბაკი, მხარე ისტორიულ სამხრ. საქართველოში (ამჟამად სომხ. რესპ.). მოიცავს მდ. დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხ. წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრ. თემი იყო. ძვ. წ. II ს-ში გოგარენეს პროვინციას სომხ. სამეფო დაეუფლა. მომდევნო ხანაში ბ. ხან სომხ., ხან კი ქართლის შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე იგი V ს-ში ვახტანგ გორგასალმა არ შემოიერთა. IX–X სს-ში ბ. შედიოდა ჯერ ანისის სამეფოს, შემდეგ კი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შემადგენლობაში. მომდევნო საუკუნეებში საქართვ. ფარგლებში იყო. XVII ს. დასაწყისში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყიზილბაშური ირანის ექსპანსიის შედეგად შეიქმნა თურქმანული პოლიტ. ერთეულები – ბორჩალოს სახანო და ლორის სასულთნო. ბ. ბორჩალოს სახანოს შემადგენლობაში მოჰყვა. XVIII ს. II ნახევარში იგი გამოეყო ბორჩალოს და ჩამოყალიბდა ცალკე ადმ. ერთეულად – ბ-ის სამოურავოდ, რ-საც ქართლ-კახეთის მეფის მიერ დანიშნული ქართვ. მოურავი მართავდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ბ. თბილისის გუბ. ლორის მაზრის შემადგენლობაშია. XIX ს. II ნახევარში ერევნის გუბ. ალექსანდროპოლის მაზრაში შევიდა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ზ. ცინცაძე