ბამბეულის წარმოება, დამამუშავებელი მრეწველობის (ტექსტილის) დარგი, ამზადებს ბამბის ნართს, ძაფს, ქსოვილებს, სხვადასხვა დანიშნულების ბამბას და სხვ. აქვს სართავი, საგრეხ-საძაფე, საქსოვი და სამღებრო-გამომყვანი საწარმოები. ბამბას აწარმოებდნენ და მისგან ნართსა და ქსოვილებს ხელით ამზადებდნენ ძვ. ჩინეთსა და ინდოეთში. ბამბის მანქანური წარმოება პირველად ინგლისში დაიწყეს XVIII ს. II ნახ-იდან, რუსეთში – XVIII ს. დამლევიდან, საქართველოში კი – XIX ს-იდან.
1870 თბილისში გაიხსნა ბამბის ძაფსართავი და საქსოვი ფ-კა. იგი დაკომპლექტებული იყო უცხ. მოწყობილობებით. საქართველოში ბ. წ. განვითარდა XX ს. 20-იან წლებში. უკვე 1932 დამზადებული იყო 150 ტ-ზე მეტი ბამბის ნართი – 3,2-ჯერ მეტი, ვიდრე 1912. 1940 მოქმედებდა 3 დიდი და 29 წვრილი საწარმო. რესპ. ბ. წ-ის უმნიშვნელოვანესი საწარმოები იყო: გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო და ქუთ. ბამბის საქსოვ-საწარმოო გაერთიანებების, ქობულეთის საქსოვი, თბილ., სამტრედიისა და საჩხერის ბამბის სართავი ფ-კები და სხვ. მათგან ყველაზე დიდი იყო გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანება (1951), რ-იც წელიწადში ამზადებდა 60 მლნ. მ-ზე მეტ ბამბეულის სხვადასხვა სახეობის ქსოვილს.
საქართვ. ბ. წ-ს არა აქვს საკუთარი სანედლეულო ბაზა. ბამბის ბოჭკო შუა აზიისა და აზერბ. რესპუბლიკებიდან შემოჰქონდათ. 1990-იან წლებში ბ. წ. ჯერ შემცირდა და შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.
პ. გარუჩავა
ი. გაგნიძე