იშხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში, მდ. ოლთისისწყლის მარჯვ. ნაპირზე (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია). ივარაუდება, რომ თავდაპირველად ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII ს. 30-იან წლებში ააშენა ეპისკოპოსმა ნერსესმა. არაბების დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX ს. 20–30-იან წლებში ახ. გეგმით განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა, რ-იც გახდა მისი პირველი ეპისკოპოსი, ხოლო ი. ქართ. საეპისკოპოსო ცენტრად იქცა (იხ. იშხნის საეპისკოპოსო). ახ. ტაძარში, როგორც ჩანს, შევიდა პირვანდელი ტაძრის ზოგი ნაწილი (საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით. ძვ. აფსიდი გარედან დაფარულია ახ. კედლებით). X ს. შუა წლებში ი. საფუძვლიანად შეაკეთეს, რის შედეგადაც უფრო სრულყოფილი გახდა ტაძრის გეგმა და მასები, მაგრამ საბოლოო სახე მან 1032, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო, რაც მოთხრობილია სამხრეთის II სარკმლის თავზე მოთავსებულ წარწერაში. ახლანდ. ტაძარი თვალსაჩინოდ წაგრძელებული, ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, რ-ის მოხაზულობა თითქმის მთლიანად იკვეთება გარედანაც. დას., სამხრ. და ჩრდ. მკლავები სწორკუთხაა.
საკურთხევლის აფსიდის ორსავე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დას-ის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რ-ის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდით მას გრძელი უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს, რ-თაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები ამშვენებს. გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან მრგვალია და შეწყვილებულ, გრეხილ ლილვებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.
ი-ის ტაძარი ჩუქურთმის მრავალფეროვნებით და კვეთის ხარისხით თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI ს. I ნახ. მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მოხატულობა საგრძნობლად დაზიანდა მას შემდეგ, რაც ი-ის ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. დაიკარგა ისტ. პირთა – ტაოს ბაგრატიონთა წარმომადგენლების – გამოსახულებანი დას. მკლავში, თუმცა ე. თაყაიშვილმა მაინც მოახერხა ზოგიერთი წარწერის ამოკითხვა („ბაგრატ მაგისტროსი, ქართველთა მეფე" და სხვ.). ასევე ქართ. წარწერები იყო წმინდანთა გამოსახულებებზეც. დიდი ეკლესიის გვერდით მშვენიერი, ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა, რ-იც ჩრდ. შესასვლელის ტიმპანზე არსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1006 მეფეთა მეფის, ტაოს ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლის, მეფე ბაგრატ II-ის შვილის, გურგენის მიერ.
ი-ის მონასტერი კულტ.-საგანმან. კერაც იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იქაურ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X–XI სს.) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება (1033). ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233 წლით დათარიღებული ხელნაწერი. ი-ის საეპისკოპოსო კათედრამ დიდხანს იარსება. იგი ამ ოლქების თურქთაგან დაპყრობის შემდეგაც (XVI ს. ბოლოს) მოქმედებდა. უკანასკნელი ეპისკოპოსი იხსენიება XVII ს. შუა ხანებში. 2013 თურქეთის რესპ. კულტ. სამინისტროს თაოსნობით და ქართველ სპეციალისტთა მონაწილეობით დაიწყო ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რ-ებიც ამჟამადაც გრძელდება.
ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, თბ., 1960. გოგიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004; დვალი თ., იშხანი, თბ., 2010; ციცხვაია ლ., იშხნის მცირე ეკლესია, თბ., 1998; ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007; Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981.
თ. გერსამია