ბაზილიკა (ლათ.<ბერძნ. basilikē – მეფის სახლი), ადრინდელი ქრისტიანული ტაძრის ძირითადი ტიპი, გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რ-საც შიგნით, სიგრძივი მიმართულებით, სვეტების ან ბურჯების რიგი სამ (ან ხუთ) ნავად ყოფს.
აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ერთფერდა სახურავებით გადახურულ გვერდის ნავებზე განიერი და მაღალია, გადახურულია ორფერდა სახურავით. მის ზემო ნაწილში დაყოლებულია სარკმლები. ადრინდ. ქრისტიანულ ბ-ს ხშირად აქვს ატრიუმი, სტოა, ტრანსეპტი. იყენებდნენ ხის ნივნივებიან ღია გადახურვას, რ-იც მოგვიანებით კამარამ შეცვალა.
საქართველოში ბ. სამნავიანია. იგი ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე საუკუნეებიდან არსებობს. ბ-ის თემამ განვითარების მწვერვალს მიაღწია V – VI სს-ში. შემდეგ ადგილი დაუთმო გუმბათოვან შენობებს, თუმცა მაინც განაგრძობდა არსებობას X – XI სს-მდე (შემდგომში უფრო გვიანდ. ნიმუშები მხოლოდ სპორადულად გვხვდება). გ. ჩუბინაშვილმა გამოავლინა და შეისწავლა ბ-ის ორიგინ., საქართველოში შექმნილი სახეობა – სამეკლესიიანი ბაზილიკა, რ-იც ორგანულად არის დაკავშირებული ეროვნ. ხუროთმოძღვრების საერთო ევოლუციასთან. მანვე გამოავლინა ქართ. ბ-ის კარდინალური განსხვავება დას., ე. წ. ელინისტური ბ-ებისაგან (ქართულ ბ-ს არა აქვს ატრიუმი, ნართექსი, ტრანსეპტი). დაასაბუთა ის დიდი გავლენა, რაც ბ-ზე მოახდინა საქართველოში ოდითგანვე გავრცელებულმა ცენტრ. კომპოზიციებმა.
ქართ. ბ. ბევრად მოკლეა, გეგმით თითქმის კვადრატს მიახლოებული. შესასვლელები ხშირად მოწყობილია გვერდით კედლებში, რითაც სიგრძივი ღერძი მიჩქმალულია. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია ქვა.
საქართველოში სამნავიანი ბ-ის ცნობილი ნიმუშები (ძველი შუამთა, ბოლნისის სიონი, ანჩისხატი, წყაროსთავი, ურბნისისა და ვაზისუბნის ეკლესიები და სხვ.) ძირითადად V – VI სს. განეკუთვნება.
სამნავიანი ბ-ის გვერდით იმთავითვე შემუშავდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი უმარტივესი სახე - ერთნავიანი ეკლესია, რ-იც არსებობდა ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარების თითქმის მთელ მანძილზე.
ლიტ.: Б е р и д з е В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
ვ. ბერიძე