ბათიაშვილი გიორგი ირაკლის ძე

ბათიაშვილი გიორგი ირაკლის ძე (დ. 29. III. 1934, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (2004), თბილისის საპატიო მოქალაქე (1996), არქიტექტურის კანდიდატი (1968), პროფესორი (1988). არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (1992).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1958). 1967-იდან ეწევა პედ. საქმიანობას სამხატვრო აკადემიაში 1973 – 79 იყო ტექ. ესთეტიკის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. 1978-იდან ხელმძღვანელობს საპროექტო ინ-ტის „თბილქალაქპროექტის“ თბილ. სახელმწ. დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეც. არქიტ. სახელოსნოს. არჩეულია საქართვ. არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრად (1980 – 92 მდივანი), რუსეთის არქიტ. და სამშენებლო მეცნ. აკად. უცხოელი წევრი (1994).

ბ. ავტორია სამეცნ. გამოკვლევებისა ისტ. ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: თბილ. მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი“ (1967; მოქანდაკე თ. გიგაური, მხატვარი გ. გიგაური), თბილ. ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970 – 71; თანაავტ.: არქიტ. ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), იტალ. წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972; მოქანდაკე თ. გიგაური), თბილ. ისტ. უბნების – შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტ. და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (1979 – 89), ძვ. თბილისის ცალკეული შენობები.

ბ. ავტორია „მეიდნის“, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტებისა თბილისის ისტ. უბნებში. თბილ. ისტ. ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის 1985 მიენიჭა საერთაშორისო არქიტ. კავშირის პრემია, ხოლო 1987 – სსრკ სახელმწ. პრემია (შ. ყავლაშვილთან ერთად). ავტორია ქართული ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებისა მ.შ. – „ჩემი ცხოვრება თბილისურ არქიტექტურაში, თბ., 2013; „არქიტექტურული ესკიზები,“ პროექტები, პუბლიცისტური წერილები, ფერწერა, თბ., 2019.

მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო-სამკერდე ჯვარი (1983) და სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017. ილუსტრაცია - იხ. სტ-თან თბილისი.

გ. ბერიძე