ბათიაშვილი თამაზ ალექსის ძე (დ. 18. III. 1941, თბილისი), მევიოლინე და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). პროფესორი (1986).
1963 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, 1966 – ასპირანტურა (პროფ. შ. შანიძის კლასი). 1963 მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. კამერულ ორკესტრში (რ-ის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ხოლო 1966-იდან – საქართვ. სახელმწ. სიმებიან კვარტეტში მევიოლინედ. კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფ. სსრკ ქ-ებში და საზღვარგარეთ (გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვეცია, ფინეთი, ესპანეთი, სამხრ. ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვ.).
1967-იდან თბილ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგია. ზ. ფალიაშვილის სახ. (1971), რუსთაველის სახ. სახელმწ. (1992) და საქართვ. სახელმწიფო პრემიის (2010), აგრეთვე ვაინერის სახ. საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან – კ. ვარდელთან, ო. ჩუბინაშვილთან, ნ. ჟვანიასთან ერთად).
ლ. საყვარელიძე