ბათო-ყაენი

ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი (1208 – 1255), მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.

მამის სიკვდილის (1227) შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები). 1237–43 მეთაურობდა აღმ. ევროპაში ლაშქრობას, რ-ის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი; რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, რიაზანის, მოსკოვის, ვლადიმირის, კოზელსკის, კიევისა და სხვა ქ-ების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი.

1240 ბ-მა აღმ. ევროპაში – პოლონეთში, ჩეხიაში, უნგრეთსა და დალმაციაში ილაშქრა. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის (1241 დეკ.) შემდეგ ბ. თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა (1242 გაზაფხული). 1243 მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდ. სახელმწიფო ოქროს ურდო (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). 1251 მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბ-თან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რ-იც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, საქართვ. დიდებულთა ნაწილს და მონღოლ ნოინებს საქართვ. მეფედ დასამტკიცებლად ბ-თან წარუგზავნიათ დავით VII გიორგი-ლაშას ძე. ბ-მა „კეთილად შეიწყნარა... მეფე დავითი“ და მანგუ ყაენთან წარავლინა ყარაყორუმსო – ამბობს მემატიანე.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ი ვ., ქართველი ერის ისტორია, (წგ. 3), თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3); Г р е к о в  В. Д., Я к у б о в с к и й  А. Ю., Золотая Орда и ее падение, М.-Л., 1950.