დიპლომატიური წარმომადგენლობა, ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში დაარსებული მუდმივი საზღვარგარეთული ორგანო, რ-ის ამოცანაა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტ. ურთიერთობის განმტკიცება და თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
დ. წ. XV ს-იდან გაჩნდა, მანამდე მხოლოდ ელჩები და დესპანები იგზავნებოდნენ უცხოეთის ქვეყნებში ამა თუ იმ საკითხის (მაგ., ხელშეკრულების დადება, დიპლ. მოლაპარაკება) მოსაგვარებლად. წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბების პერიოდში დროებითი მისიები მუდმივ საწყისებზე გადავიდა. პირველი ასეთი საელჩო შექმნა მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო სფორცამ ვენეციაში 1455. ამ ინ-ტის ფართოდ შემოსვლა მხოლოდ XVI ს-იდან დაიწყო.
საქართველოში თავისებური ხასიათი ჰქონდა ელჩობას; ელჩებს XVI–XVII სს-ში ერთმანეთთან აგზავნიდნენ ქართლისა (ქართლ-კახეთი) და რუსეთის მეფეები. პრაქტიკულად ეს წარმოადგენდა დ. წ-ს, რ-იც თვეობით იმყოფებოდა მეფის კარზე.
თანამედროვე ეტაპზე დ. წ. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავის სახელმწიფოს წარმოადგენს. იგი მართავს მოლაპარაკებას ამ სახელმწიფოსთან, თავის ქვეყანას აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პოლიტ., ეკონ., კულტ. და სამხ. სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებას. დ. წ. უფლებამოსილია შეასრულოს საკონსულო ფუნქციებიც.
დ. წ-ის პირადი შემადგენლობა 3 ჯგუფად იყოფა: დიპლ. პერსონალი (დიპლ. აგენტები), ტექ. პერსონალი და მომსახურე პერსონალი. დიპლ. აგენტები სარგებლობენ სრული დიპლ. პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. დ. წ-ის სამართ. სტატუსს განსაზღვრავს ვენის 1961 წ. კონვენცია დიპლ. ურთიერთობათა შესახებ (საქართვ. შეუერთდა 1994). დ. წ. განსხვავდება საერთაშ. ორგანიზაციებთან (გაერო, იუნესკო და ა.შ.) არსებული მუდმივი წარმომადგენლობისაგან.
ორ სახელმწიფოს შორის დიპლ. ურთიერთობის დამყარება არ იწვევს ავტომატურად დ. წ-ის გახსნის აუცილებლობას, მას ხსნიან მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. ინტერესების გათვალისწინებით. საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში (1918–21), საქართვ. დ. წ-ები გაიხსნა და ფუნქციონირებდა უცხოეთის მთელ რიგ ქვეყნებში, მ. შ. საბჭოთა რუსეთში, რომელმაც 1920 წ. 7 მაისს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1921 წ. თებ.- მარტში საბჭ. რუს. მიერ შეიარაღებული ინტერვენციისა და საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის გამო, საქართვ. დ. წ-ებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება.
2011-თვის საქართველოს 168 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული დიპლ. ურთიერთობა, მაგრამ დ. წ-თა რაოდენობა თბილისში 46-ს არ აღემატება. მ. შ. არის გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის, ირანის, საბერძნეთის და სხვ. დ. წ-ები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დ. წ-ები.
საქართვ. დ. წ. არის 56 ქვეყანაში. ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საქართვ. დ. წ. ფარავს 2 ან მეტ სახელმწიფოს, ასევე საერთ. ორგანიზაციას. მაგ., პარიზში განლაგებული საქართვ. დ. წ. აკრედიტებულია როგორც საფრანგეთში, ისე მონაკოს სამთავროში; ვაშინგტონისა – აშშ-სა და კანადაში, ხოლო ბრიუსელისა – ბელგიასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
ლ. ალექსიძე