ბათუმის აკვარიუმი, შეიქმნა 1966 ყოფ. თევზის საზღვაო მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის სრულიად საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. განყ-ბის ბაზაზე (შემდგომ – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი).
ბ. ა. რთული ტექ. კომპლექსია, რ-იც შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილებისაგან. აკვარიუმში, ბინადრობდა შავი ზღვის მტკნარი წყლის, აგრეთვე სხვა ზღვებისა და ოკეანეების ცხოველთა 60-მდე სახეობა. შავი ზღვის ფაუნიდან აღსანიშნავია: შავი ზღვის ზვიგენი - კატრანი, სკაროსისებრნი, ორაგული, კეფალი, სვია, კოლხური ზუთხი, ზღვის მამალი, ცხენთევზა და სხვ. მტკნარი წყლის თევზებიდან – გველთევზა, კალმახი, კობრი, წერი, ლოქო და ა. შ. აკვარიუმში თავმოყრილი იყო შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის უხერხემლოთა ფაუნის წარმომადგენლები: აქტინიები, მიტილუსები, კიბორჩხალები, სავარცხლურები, ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები, ჰოლოურიები და სხვ. წყალმომარაგების რთული სისტემა, რ-იც აერაციისა და ტემპ-რის რეგულირების საშუალებას იძლევა, 1400 მ³ წყალს იტევდა. სპეც. ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის გამოც აკვარიუმის წყლით მომარაგება დამოკიდებული არ არის სანაპირო ზოლში წყლის შედგენილობის ცვლილებებსა და მეტეოროლ, პირობებზე. ბ. ა-ის ექსპერ. ნაწილი მრავალფეროვან სამეცნ. მუშაობას ემსახურებოდა. ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა, ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი). აკვარიუმის ტევადობა 200 000 ლ-ია.
2008 წლიდან ქ. ბათუმის ა(ა)იპ „6 მაისის პარკის“ დაქვემდებარებაში გადავიდა, 2011 წლის 1 იანვრიდან კი – ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი შ.პ.ს. „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ობიექტია.
ს. კომახიძე
რ. ცხომელიძე