ბათუმის დელფინარიუმი, შეიქმნა 1974 ყოფ. თევზის საზღვაო მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის სრულიად საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. განყ-ბის ბაზაზე (შემდგომ – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი).
მისი მთავარი აუზის სიგრძე 36 მ, სიგანე – 14 მ, ხოლო სიღრმე – 5 მ, აქვეა საწვრთნელი აუზები, რ-თა დიამეტრი 9 მ. ყველა აუზის წყლის სასარგებლო მოცულობა 3,5 ათ. მ³ აღემატებოდა. ბ. დ. მსოფლიოს უდიდესი დელფინარიუმების რიცხვში შედიოდა. ზღვის სუფთა წყლით უწყვეტი მომარაგება უზრუნველყოფდა აუზებში წყლის რვაჯერად დღეღამურ ცვლას. დელფინარიუმის საერთო მოცულობა საშუალებას იძლეოდა მასში ერთდროულად ჰყოლოდათ 15-მდე დელფინი. ბ. დ-ში სისტემატურ მეცნ. დაკვირვებებს ატარებდნენ დელფინების მოსათვინიერებლად და გასაწვრთნელად, მათი ქცევების შესასწავლად. აქვე დელფინებთან ერთად ჰყავდათ ზღვის ძუძუმწოვართა ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა კასპიის ზღვის სელაპი, შორეული აღმოსავლეთის ზღვის წავი, სამხრ. აფრიკის ზღვის ლომი და სხვ.
ფუნქციონირებდა ზღვის ცხოველთა ბიოლ. შემსწავლელი ლაბორატორია, რ-ის თემატიკა ითვალისწინებდა როგორც თეორ., ისე პრაქტ. ხასიათის კვლევას.1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ბ. დ.-მა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 ქალაქის მერიის ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით კვლავ გაიხსნა ბათუმის სრულიად ახალი დელფინარიუმი, რომელიც შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან. დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე.
ს. კომახიძე