ბანი, 1. მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოების ყველაზე დაბალი ხმა. 2. აკორდის ქვედა ბგერა. 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმა.
თავდაპირველად ბ. წამყვანი მელოდიური ხმის თანხლების, აკომპანემენტის გამომხატველი ძვ. ქართ. სამუსიკო ტერმინი იყო. თანხლება შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ხმიერი (რეგისტრულად წამყვანი მელოდიური ხაზის ქვევით ან ზევით), ისე საკრავიერიც (მაგ., „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულთა“ – ძველი აღთქმა. ან „დაჰკარ და დაჰკარ ფანდურო, კარგად მაძლიე ბანია“ – ხალხური). ს.-ს ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით: „ბანი – ჴმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა, გინა სიმღერასა სხვა ჴმა შეაწყოს“. დროთა განმავლობაში ბ. თანდათანობით იქცა მხოლოდ დაბალი (ხმიერი ან საკრავიერი) თანმხლები ხმის აღმნიშვნელ ტერმინად.
ქართულ ხალხ. მუსიკაში და ძვ. ქართ. მწერლობაში შემორჩენილია ბ-ის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბ., დაბალი ბ., შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო, ბამ. ტერმ. „ბ-ის“ გაჩენა ქართ. მუსიკაში (როგორც ხალხურში, ისე ძვ. პროფესიულში) განპირობებული იყო მრავალხმიანობის არსებობით.
ი. ჟორდანია