ბანიანი სახლი, ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური სახურავით – ბანით გადახურული ერდოიანი სახლი.
მოყვანილობის მიხედვით არსებობს ბ. ს-ის ორი ტიპი – გვირგვინიანი და ბრტყელბანიანი, კონსტრ. თავისებურების – ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბ. ს-ს ოთხივე მხრიდან მიეშენოს სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა – ბოსელი, საბძელი, სათონე, მარანი. შეჯგუფებულ განაშენიანებაში (მთიან რელიეფზე) ქვემოთა სახლის ბანი (სახურავი), ჩვეულებრივ, ზემოთა სახლის ტერასის დანიშნულებას ასრულებს.
ბ. ს. ძირითადად გავრცელებულია აღმ. საქართველოს მთასა და ბარში, აგრეთვე კავკასიის, მცირე და შუა აზიის ზოგიერთ ხალხში. ბ. ს-ებით იყო განაშენიანებული საქართვ. ძვ. ქ-ები (თბილისი, ახალციხე და სხვ.). თბილ. ბ. ს-ების უმეტესობა მთის ფერდობზე იყო შეფენილი საფეხურებად. ამგვარ განაშენიანებაში ქართ. ქ-ების ცალკეული ქუჩისა და ცალკეული სახლის (და არა მარტო მთელი ქალაქის ან მთელი უბნის) აღქმის დროს არსებით ფაქტორს წარმოადგენდა პეიზაჟი, გარემო ბუნება.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.
თ. ჩიქოვანი