დირბი

დირბი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 750 მ, ქარელიდან 14 კმ. 3,0 ათ. მცხ. (2002).

დ-ში დაიბადა მწერალი ს. მგალობლიშვილი. დ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. შემონახულია ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკ. მონასტერი და ციხე. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) გადმოცემით, მონასტერი ეკუთვნოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს და მას უხდიდა ღალას (შეუწყვეტიათ 1917).

სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე, მდებარეობს ქვითკირით ნაგები X ს. ღვთისმშობლის ეკლესია. თავდაპირველად ეს იყო პატარა დარბაზული ეკლესია, რ-იც შემდეგ სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. შიგნით და გარედან შემოსილია თლილი ქვით, გადახურულია ქვაფიქლით. მოგვიანებით მიუშენებიათ აგურის ეგვტერი. საკურთხეველი ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ეკლესიაც და კანკელიც მოხატული ყოფილა. აღმ. კედელზე რელიეფები და ასომთავრული წარწერებია.

ეკლესიის სამხრ-ით დგას ახ. სამრეკლო. მონასტრის დას-ით, გორაზე, რიყის ქვით ნაგები დ-ის ციხეა, რ-იც, გადმოცემით, თამარ მეფეს აუშენებია. შესაძლებელია მშენებლობის 2 ფენის გარჩევა. ახლანდ. ნაგებობა ძვ. ციხის ადგილზე XVII ს. მიწურულსა და XVIII ს. დასაწყისშია აგებული. გეგმით წაგრძელებული ციხის ორივე ბოლოში თითო კოშკი დგას. ჩრდილოეთის კოშკი გეგმით თითქმის კვადრატული, ხუთსართულიანი ნაგებობაა, სამხრეთისა – ოთხსართულიანი იყო.

კოშკები განკუთვნილია როგორც საცხოვრებლად, ისე თავდაცვისათვის. სართულებზე შემორჩენილია ბუხრების, თახჩებისა და სხვ. ნაშთები. კედლებში სათოფურებია.

სოფელში დგას აგრეთვე X ს. ერთნავიანი, ქვითკირით ნაგები წმ. გიორგის ზედაჯვრის ეკლესია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერა.

სოფლის შუაში წმ. თევდორეს ერთნავიანი ეკლესიაა (XIX ს. II ნახ.).

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. 7, თბ., 1989; მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.

ჯ. გვასალია