ბანკი

ბანკი (ფრანგ. banque), საფინანსო დაწესებულება, იურიდიული პირი, რომლის ფუნქციებია მოქალაქეებისა და დაწესებულებებისაგან ფულადი ანაბრებისა და სხვა დასაბრუნებელი სახსრების თავმოყრა და საბანკო ან კომერციული სესხის სახით მათი განთავსება, სხვადასხვა საანგარიშსწორებო საქმიანობის გაძღოლა, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოქცევის რეგულირება, ფულის ემისია, სავალუტო ოპერაციების უზრუნველყოფა. ბ-ებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების ერთობლიობა ქმნის ქვეყნის საბანკო სისტემას.

საქართველოს საბანკო სისტემა მოიცავს საქართვ. ეროვნ. ბ-ს, კომერც. ბ-ებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებს (სადაზღვევო, საპენსიო ფონდები, საინვესტიციო კომპანიები და სხვ.). ფულად-საკრედიტო და სავალუტო რეგულირების ორგანოა საქართვ. ეროვნ. ბ., რ-ის ძირითადი ამოცანებია ეროვნ. ფულის ერთეულის სიმტკიცის უზრუნველყოფა, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, დაკრედიტების ანგარიშსწორების, ფულის მიმოქცევის პროცესების განხორციელება; სავალუტო ურთიერთობათა სფეროში სახელმწ. ერთიანი პოლიტიკის გატარება, სავალუტო და ძვირფასი ლითონების რეზერვის მართვა, კომერც. ბ-ების საქმიანობის რეგულირების წესების განსაზღვრა და მათ შესრულებაზე კონტროლი. ეროვნ. ბ-მა თავისი საქმიანობით ხელი უნდა შეუწყოს საქართვ. ერთიანი ბაზრის შექმნას.

კომერც. ბ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდება საწესდებო კაპიტალის კუთვნილებისა და შექმნის წესით, საქმიანობის მიმართულებითა და დარგობრივი ორიენტაციით. საწესდებო კაპიტალის კუთვნილებისა და შექმნის წესის მიხედვით კომერც. ბ. შეიძლება იყოს საპაიო, სააქციო, ერთობლივი (ასეთ ბ-ში მონაწილეობს უცხ. კაპიტალიც); საქმიანობის მიმართულების მიხედვით კი – უნივერსალური (მისი საბანკო საქმიანობა მრავალმხრივია) და სპეციალიზებული (მაგ., საინვესტიციო ბ.).

კომერც. ბ-ების ძირითადი დანიშნულებაა ფულადი სახსრების მოზიდვა და განთავსება, საკრედიტო რესურსების შექმნა და სესხების (კრედიტების) გაცემა, ანგარიშსწორება კლიენტებს შორის, კაპიტ. დაბანდებათა დაფინანსება, საგადასახადო საბუთებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების, ძვირფასი ლითონების, ბუნებრივი ძვირფასი ქვების და მათგან დამზადებული ნაკეთობების შეძენა და გაყიდვა, ანგარიშებსა და ანაბრებზე განთავსება და სხვ. კომერც. ბ-ები საქართვ. ეროვნ. ბ-ის ლიცენზირების საფუძველზე ახორციელებენ ოპერაციებს უცხ. ვალუტით. განასხვავებენ კომერც. ბ-ის პასიურსა და აქტიურ ოპერაციებს. პასიურია ოპერაცია, რ-ის მეშვეობითაც ბ. ქმნის თავის რესურსებს, აქტიური ოპერაცია კი უზრუნველყოფს ამ რესურსების გამოყენებას. პასიური ოპერაციისას, როგორც წესი, ბ. დეპოზიტის მფლობელს უხდის დაწესებულ პროცენტს, ხოლო გასესხებულ თანხაზე (კრედიტზე) თვითონ ღებულობს გასამრჯელოს პროცენტის სახით. სხვაობა მიღებულსა და გაცემულ პროცენტებს შორის არის ბ-ის შემოსავალი – საბანკო მოგების საფუძველი. საბანკო მოგებას უმთავრესად იყენებენ ბ-ის საუწყებო კაპიტალის გასაზრდელად. საწარმოო ძალების განვითარებასთან ერთად იზრდება ბ-ის ეკონ. როლი და მნიშვნელობა.

ისტორიულად ბ-ების ჩანასახს წარმოადგენდა სავახშო კაპიტალი. პირველი საკრედიტო დაწესებულება საქართველოში შეიქმნა 1810, სახელწოდებით „საქართველოს საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიო“ (პრიკაზი). მისი მთავარი მიზანი იყო როგორც საქველმოქმედო მოღვაწეობა (სკოლების, თავშესაფართა და ა.შ. გახსნა და მოწყობა), ასევე, კერძო პირთაგან ანაბრების მიღება და სესხის გაცემა. 1871 საქართველოში შეიქმნა თბილ. კომერციული ბ., მისი განყ-ბები იყო ბათუმში, ბაქოსა და ერევანში, ხოლო 1875 ი. ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა „სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი“, რ-ის იდეა ჯერ კიდევ 1864 დ. ყიფიანის მიერ იყო ინიცირებული. ბანკში დიდგვაროვნები მიწებს აგირავებდნენ, ხოლო გლეხებს ამ მიწების გამოსყიდვა შეეძლოთ, თუნდაც ისევ ამ ბ-ისგან აღებული სესხით. აღნიშნულმა ბ-მა 1909-მდე იარსება. 1921 რუსეთის სამხ. ექსპანსიამ და საქართვ. ოკუპაციამ ქვეყნის საბანკო სექტორი გაანადგურა. საბჭ. კავშირში დაუშვებელი იყო კერძო საბანკო სისტემა, რის გამოც დაიწყო სოციალ. ბ-ების ფორმირება. კერძო სტრუქტურებზე დაფუძნებული ბ-ები სახელმწ. ორგანოებად გადაიქცა. სახელმწ. ბ-ები ძირითადად ფულის შემნახველი სალაროებს როლს ასრულებდა.

1991, საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, განხორციელდა საბანკო სისტემის ტრანსფორმაცია. საქართვ. უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭ. საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მ.შ. სახელმწ. ბ. შეიქმნა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რ-ის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ორიარუსიანი უნივერსალური საბანკო სისტემა. საქართვ. ეროვნ. ბ. გახდა ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი ორგანო. 1992 დაიწყო კომერც. ბ-ების სისტემის ფორმირება თავდაპირველად ხუთი სახელმწ. ბ-ის („ექსიმბანკი“, „შემნახველი ბანკი“, „მრეწვმშენბანკი“, „აგრომრეწვბანკი“, „ბინსოცბანკი“) პრივატიზებით. 1995 წლის დასაწყისში საქართველოში უკვე 229 კომერც. ბ. ფუნქციონირებდა. ლიბერალური მიდგომების ფონზე გამრავლდა საბანკო და სხვა ტიპის საკრედიტო დაწესებულებები, რ-ებიც საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეკონ. სტაბილურობას. შემდგომი რეფორმების პროცესში საქართველოში მოქმედ კომერც. ბ-ებს დაუწესდათ ახ. საწესდებო ნორმატივები. გაიზარდა საბანკო სისტემის კაპიტალიზაცია. სერტიფიცირების შედეგად საქმიანობა გააგრძელა 47 კონკურენტუნარიანმა კომერციულმა ბ-მა. შემდგომ პერიოდში მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და განხორციელდა ბანკების კონცენტრაცია. ამჟამად (2020) საქართველოში მოქმედებს 15 კომერც. ბ. (სააქციო საზ-ბა). მათი სააქციო კაპიტალი 5,9 მლრდ. ლარია, აქედან 14 ფუნქციონირებს უცხ. კაპიტალის მონაწილეობით. მათ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნიათ 150-ზე მეტი ფილიალი და 800-ზე მეტი სერვისცენტრი. კომერც. ბ-ების აქტივები შეადგენს მშპ-ის 95,3 %-ს, ხოლო გაცემული სესხები – მშპ-ის 64, 5%-ს (2020 ). საქართვ. უმსხვილეს ბ-ებზე („საქართველოს ბანკი“, და „თიბისი ბანკი“) მოდის მთლიანი აქტივების ნახევარზე მეტი.

იხ. აგრეთვე ეროვნული ბანკი საქართველოსი, კომერციული ბანკი.

ლიტ.: გ უ გუ შ ვ ი ლ ი  პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX საუკუნეებში, ტ. 2., თბ., 1956; შველიძე ნ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორიიდან (1864–1921 წწ.), თბ., 1967.

ლ. ხაბურზანია

ნ. მოსიძე

მ. თოქმაზიშვილი