ბანძა

ბანძა, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. აბაშის მარცხ. ნაპირას, მარტვილ–აბაშის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე). ზ. დ. 90 მ, მარტვილიდან 12 კმ. აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 22 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).

ბ. პირველად მოხსენიებულია 1639–40 ოდიშში (სამეგრელოში) რუს. ელჩობის აღწერილობაში. 1658 ბ-ის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია-სამეგრელოს მთავრებს შორის (იხ. ბანძის ბრძოლა 1658). ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს „ბანძა და ციხე კეთილნაშენი“. 1737 შედგენილ დას. საქართველოს რუკაზე აღნიშნულია „ბანძა-ფაღაოს სასახლე“.

ბ-ის შუაში, სამოთხის უბანში, შემონახულია სამოთხის კარის შუა საუკ. ეკლესიის ნანგრევები, მისგან ჩრდ.-დას-ით, ტაბაკურის ველზე, მდ. აბაშის მიერ ჩაჭრილ ფლატეზე, ელინისტური ეპოქის ნამოსახლარის ნაშთია. სოფლის ჩრდ-ით ბ-ის მინდორზე, შემორჩენილია შუა საუკ. ციხისა და ორ რიგად გარსშემოვლებული გალავნის ნაშთები. გალავნის შიგნით 2 კოშკის ნანგრევებია. გათხრების შედეგად (ხელმძღვ. პ. ზაქარაია) გამოვლინდა გუმბათოვანი დარბაზული ტიპის ეკლესია (VIII ს.), ბორცვის ჩავაკებაზე ტეტრაკონქისა და აბანოს ნანგრევებია. ბორცვზე აღმოჩნდა აგრეთვე სასახლისა და რვააფსიდიანი ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის ლავგარდანს მრგლოვანით შესრულებული წარწერა შემოუყვებოდა.

თ. ბერაძე

პ. ზაქარაია