ბანძის ბრძოლა 1658, ბრძოლა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სა და გურია-სამეგრელოს მთავრებს შორის.
1657 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ ოდიშზე ილაშქრა, დაიმორჩილა და მთავრად ლიპარიტ II დადიანის ნაცვლად ვამეყ ლიპარტიანი დასვა (იხ. ვამეყ III დადიანი). ლიპარიტი თავის ნახევარძმას ქაიხოსრო I გურიელი|ქაიხოსრო I გურიელს შეეხიზნა და ტახტის დაბრუნებისათვის მზადებას შეუდგა. მთავრებს ჯარები მიაშველეს ახალციხის ფაშა როსტომმა და ქართლის მეფე როსტომმა. მოკავშირეებს მიემხრნენ თავადები მიქელაძე და ჭილაძე. ბრძოლა 1658 ივლისში ბანძასთან იმერეთის მეფისა და ვამეყ III დადიანის გამარჯვებით დამთავრდა. ლიპარიტ II და ქაიხოსრო I თურქეთში გაიქცნენ, ხოლო მათი ლაშქრის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ქ. ჩხატარაიშვილი