ბაპტისტები

ბაპტისტები (<ბერძნ. baptizō – ვნათლავ წყალში ჩაშვებით), ქრისტიანული სექტა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სახე.

ბაპტიზმი წარმოიშვა როგორც რადიკალურ-პროტესტანტული მიმდინარეობა 1609 ჰოლანდიაში ინგლ. ემიგრანტ ინდეპენდენტებს შორის. ბ-ის წარმოდგენით ადამიანის სულის ხსნა შეიძლება ქრისტეს პირადი რწმენით და საჭირო არ არის ეკლესიის შუამდგომლობა. ბაპტისტურ ეკლესიაში ადამიანს ნათლავენ მხოლოდ მოზრდილ ასაკში.

საქართველოში ბ-ის პირველი თემი ჩამოყალიბდა 1867 თბილისში (რუს. იმპერიაში პირველ თემად ითვლება). 1921-მდე თბილისში მოქმედი ბ-ის თემებში ქართველები არ ყოფილან. 1921 ჩამოყალიბდა ქართველი ბ-ის ჯგუფი. ღვთისმსახურება ქართ. ენაზე სრულდებოდა. პარალელურად შეიქმნა სომხ. ჯგუფიც. 1941 ქართ., რუს. და სომხ. ჯგუფები გაერთიანდნენ, მოგვიანებით მათ შეუერთდა ოსური თემი. 1944 თბილისის ბაპტისტთა თემს „სახარებისეული ქრისტიანები“ შეუერთდნენ და ეწოდათ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. იხ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

1991 მარტში შეიქმნა საქართვ. ქრისტიან (სქ) ბ-ის ეკლესიების კავშირი, რ-შიც გაერთიანდა საქართველოში მოქმედი ბ-ის ეკლესია. 1991 წ. 25 სექტ. ქ. ვარნაში ევროპის ქრისტიან ბ-ის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სქ ბ-ის კავშირი მიიღეს ფედერაციის სრულუფლებიან წევრად, 1992 წ. 11 ივლისს ქ. მონტეგო-ბეიში (იამაიკა) – მსოფლიოს ქრისტიან ბ-ის კავშირის (გაეროს არასამთავრობო ორგანიზაცია) წევრად.

გ. ქუმელაშვილი