ბაჟანი მიკოლა (ნიკოლოზ) პლატონის ძე

მ. ბაჟანი

ბაჟანი მიკოლა (ნიკოლოზ) პლატონის ძე [26. IX (9. X). 1904, კამენეც-პოდოლსკი,– 23. XI. 1983, კიევი], უკრაინელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. უკრ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1951). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1964), იყო უკრ. ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. 1967-იდან – სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი.

ბ. თანამედროვე უკრ. ლიტ-რის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბ-ის პოეტურ შემოქმედებას მუდამ თან ახლდა მისი პუბლიც., ლიტ.-კრიტ., ესეისტური, მემუარული და ა. შ. მოღვაწეობა. ამ სახის ნაწარმოებთა შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დავით გურამიშვილისადმი, ს. ჩიქოვანისადმი, თ. აბაკელიასა და ნ. ვაჩნაძისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები. აღსანიშნავია მისი პოეტური ციკლი „ქართული ლექსები“, „ტრიპტიხი სიმონ ჩიქოვანს“ (1972) და სხვ.

ბ. მხატვრული თარგმანის კლასიკოსია. მან უკრ. ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი (1937; რუსთაველის სახ. პრემია, 1966), დ. გურამიშვილის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის მრავალი ნაწარმოები – თითქმის მთელი ქართ. კლასიკური პოეზია და თანამედროვე პოეზიის რჩეული ნიმუშები. ერთ-ერთ თავის ნარკვევში ბ. წერდა: „...რამდენიმე წელი ვცხოვრობდი საქართველოში, ქართველ მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი, შევდიოდი უძველესი საყდრების კარიბჭეებში, მივცოცავდი ციხესიმაგრეების ნანგრევებზე ან ვუჯექი კეთილი და სტუმართმოყვარე გლეხების, მეღვინეების, მასწავლებლების პოეტების, მეცნიერების გაშლილ სუფრებს – და სულ უფრო ღრმად და ღრმად ვისუნთქავდი საქართველოს დალოცვილ სულს...“ ყოველივე ამის შეგრძნებამ ბ-ს ქართული პოეზიის იდუმალებისაკენ, მისი არსისაკენ გაუკვალა გზა, განაპირობა მისი თარგმანების იშვიათი სიღრმე, აზრობრივი ტევადობა და სიზუსტე.

სსრკ სახელმწ. პრემიის (1946, 1949) და ტ. შევჩენკოს სახ. პრემიის (1965) ლაურეატი. სოციალ. შრომის გმირი (1974). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Стихи и поэмы, М., 1957; Твори, т. 1–2, К., 1965; Раздумья и воспоминания, М., 1983; რჩეული, თბ., 1956, ლექსები, თბ., 1964; გაფრენა გრიგალში, თბ., 1970.

ლიტ.: აფხაიძე შ., ქართველი ხალხის მეგობარი, წგ.: კრიტიკული წერილები, თბ., 1959.

გ. მარგველაშვილი