ბაჟბეუქ-მელიქიანი (ბაჟბეუქ-მელიქოვი) ალექსანდრე ალექსანდრეს ძე [30. VIII (11. IX). 1891, თბილისი, – 20. VII. 1966, იქვე], სომეხი ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1961). ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.
სწავლობდა თბილ. სამხატვრო სასწავლებელში (1906–10), პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1910–12). ასწავლიდა თბილ. სახელოსნო სასწავლებელში (1922–29), თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1929–38). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1912-იდან.
ბ-ის ნამუშევრებს ახასიათებს ფერწერულობა, დახვეწილი კოლორიტი, რომანტიკულობა, ლირიზმი, შინაგანი სითბო. მთავარი ნამუშევრები: „წისქვილი ორთაჭალაში“ (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხ. სურათების გალერეა, ერევანი), „მწვანე თუთიყუში“ (1933), სურათების ციკლი „ცირკი“ (1939–40), „მიტოვებული“ (1942, ყველა კერძო კუთვნილება), „საჩუქარი ფრონტისათვის“ (1944), „ქალიშვილი ყვავილით“ (1946, ორივე-საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი).