ბარათაშვილები

ბარათაშვილები, ფეოდალური საგვარეულო XV–XIX სს. საქართველოში.

გვარის ფუძემდებელი იყო ქაჩიბაიძე ბარათა|ბარათა ქაჩიბაიძე (ქაჩიბაძე), რ-ის შვილები, XV ს. II ნახ. მოღვაწენი, ჯერ კიდევ ქაჩიბაძის გვარს ატარებდნენ, მათი ჩამომავლები კი XV ს. ბოლოდან უკვე ბ-ად იწოდებოდნენ.

ბ-ის სამფლობელო, საბარათიანო, XV ს. ბოლოსთვის ძირითადად ალგეთის, ქციისა და მაშავრის ხეობებს მოიცავდა (ამ ხეობებში სხვა ფეოდალებიც ფლობდნენ ყმა-მამულს). მათ ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლ. 250–300 აზნაური და 2500–3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი იყო სამშვილდე, ციხესიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ აგრეთვე დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვ.

მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფ. ქედის ეკლესიები.

ბ. XVI–XVII სს-ში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს თამაშობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში. ბ-ის გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს სარდლები. მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე სახლთუხუცესის, მდივანბეგისა და სხვ. სახელოები.

XVI–XVII სს-ში ბ-ს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდ. საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ გოსტაშაბიშვილები, გერმანოზიშვილები, ზურაბიშვილები, აბაშიშვილები, ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები, ფალავან-ხოსროშვილები, იარალიშვილები და იოთამიშვილები. თვით ბ. XVII ს. II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს. ბ-ის საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ბარათა ბარათაშვილი, მიხეილ ბარათაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, სულხან ბარათაშვილი და სხვ.

ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938; ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან. თბ., 1955; ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები [ტ.] 2, თბ., 1952.

გ. ჯამბურია