დირი ადოლფ

დირი (Dirr) ადოლფ (17. XII. 1867, აუგსბურგი, – 9. IV. 1930, მიუნხენი), გერმანელი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი. მიუნხენის უნ-ტის საპატიო დოქტორი (1908), პროფესორი (1920), ბოლონიის (იტალია) აკად. წ.-კორ. (1924); 1913-იდან გარდაცვალებამდე – მიუნხენის ეთნოგრ. მუზეუმის დირექტორი.

1902–13 ცხოვრობდა კავკასიაში, თავდაპირველად მასწავლებლობდა თემირ-ხან-შურაში (დაღესტანი), შემდეგ – თბილისში (ასწავლიდა გერმ. ენას). სწავლობდა კავკ. ხალხების ყოფასა და ენებს. დ-ის ნარკვევებში, რ-თა დიდი ნაწილი თბილისში რუს. ენაზე გამოიცა, წარმოდგენილია დაღესტნური [უდიური (1903), თაბასპრანული (1905), აღულური (1907), არჩიბული (1908), რუთულური (1912), წახური (1913) და სხვ.] ენების გრამ. მიმოხილვა, ტექსტები (რუს. თარგმანითურთ), ლექსიკონი. მანვე შეადგინა „თეორიულ-პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა" (1904, გერმ. ენაზე).

დ-ის ნაშრომი „კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი" (1928) იმ დროისათვის კავკ. ენების ყველაზე ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევაა. დ-ის ნაშრომებს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. 1909 მიენიჭა პეტერბ. მეცნ. აკად. პრემია.

დ-ის მიერ დაარსებული ჟურნ. „Caucasica"" პირველი საენათმეცნიერო-კავკასიისმცოდნეობითი ჟურნალია (1924-იდან გამოდიოდა ლაიფციგში. გამოიცა 11 ნაკვეთი).

ლიტ.: ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა  ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; Н е м и р о в с к и й  М. Я., Адольф Дирр и кавказская лингвистика, Владикавказ, 1930.

გ. თოფურია