ბარათაშვილი (ქორწინებაში – სულხანიშვილი) ეკატერინე დავითის ასული (10. I. 1874, თბილისი, – 18, III. 1944, იქვე), მხატვარ-მინიატიურისტი, ქართული მხატვრული ხელსაქმის ოსტატი.
სწავლობდა თბილ. სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ – მიუნხენის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც დაეუფლა პორტრეტული მინიატიურის ხელოვნებას. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1908 დაბრუნდა საქართველოში. 1917-იდან პეტერბურგში იყო, 1933-იდან კვლავ საქართველოში ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას.
ბ-მა გარკვეული წვლილი შეიტანა პორტრეტული მინიატიურის განვითარებაში. მანვე გადმოიღო ძვ. ქართ. მინიატიურების პირები. ავტორია ნაქარგი პორტრეტებისა და ფერწერული ტილოებისა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის (მინიატიურები, 1910–11, სპილოს ძვალი, აკვარელი, გუაში, საქართვ. ლიტ-რის მუზეუმი), ა. პუშკინის (ნაქარგი, 1937, კერძო საკუთრება) პორტრეტები და სხვ.