ბარათაშვილი ვახტანგ ბესარიონის ძე (15. IV. 1917, ქუთაისი, – 11. VII. 2006, თბილისი), მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მწერალი, ჟურნალისტი.
1941 დაამთავრა ლენინგრ. საზღვაო-საინჟინრო ინ-ტი. II მსოფლიო ომის მონაწილე. 1966-მდე მუშაობდა ყოფ. სსრკ საზღვაო ფლოტში სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო კაპიტანი, კაპიტან-დირექტორი, ექსპედიციის უფროსი და ფლაგმან-კაპიტანი. ბ-მა მრავალგზის გადაიყვანა გემების ქარავანი. ურთულეს პირობებში ბალტიის ზღვიდან ვლადივოსტოკსა (1961) და კუბაში (1964) ბუქსირით გადაიყვანა მცურვი დოკები, რაც მსოფლიო ზღვაოსნობაში უნიკალური შემთხვევაა. 1966–80 მუშაობდა საქართვ. თევზის მრეწვ. სამმართველოში საზღვაო ფლოტის მთავარ კაპიტნად და ფლოტის განყ-ბის უფროსად. 1980 ისევ დაუბრუნდა ზღვაოსნობას იყო თბომავალ „ვერგისას“ კაპიტანი, რ-იც მან 1990 გადმოიყვანა ბალტიის ზღვიდან.
პედ. საქმიანობას ეწეოდა თსუ-ის გეოგრ.–გეოლ. ფაკ-ტზე. ავტორია საბავშვო მოთხრობების, ნოველების, რომანისა („ჰავაის ბულბული“), აგრეთვე ტექ. წიგნებისა და საზღვაო ტერმინოლოგიისა (1985). მისი მხატვრული და ტექ. შრომები გამოცემულია სხვადასხვა ენაზე.
ბ. იყო ქართული ენციკლოპედიის საბუნებისმეტყველო, მათემატიკურ და ტექ. მეცნ. რედაქციის სამეცნ. საბჭოს წევრი და კონსულტანტი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი და მედლები.