ბარათაშვილი იესე ოსეს ძე (ოსეშვილი) (10. X. 1728, – 11. VIII. 1786), მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.
ბ-ის მამა – დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) – სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან იესე თეიმურაზ II-ის მეუღლის – ანახანუმის მდივანია, შემდეგ – მოლარეთუხუცესი. 1758 ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დედოფლის მდივან-მწიგნობრად დატოვეს. 1762 ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წ. 25 ივნ. – თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგში მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით მდივანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბ. გზაში ლეკებმა მოკლეს.
ბ-ს ეკუთვნის ისტ.-ლიტ. ძეგლი „ცხოვრება-ანდერძი“. ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII ს. II ნახ. ქართლ-კახეთის სამეფოს სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიისათვის. ბ. ტიპური წარმომადგენელია მეფის სამსახურში დაწინაურებული მემამულისა, რ-ის იდეალია მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ბ-ის ლიტ. თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი „ლექსნი სამიჯნურონი“ (ხელნაწ. Q–318). ანტონ კათალიკოსის ცნობით ბ-ს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „ნარგიზოვანი“.
თხზ.: ცხოვრება-ანდერძი, ა. იოსელიანის გამოც., თბ., 1950.
ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, ტფ., 1913; იოსელიანი ა., მე-18 საუკუნის ქართული კომედიური დიალოგი, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1945, 22 სექტ.
ა. იოსელიანი
გ. მიქაძე