ბარათაშვილი იოსებ (ოსიკო) ალექსანდრეს ძე (4. XI. 1874, სოფ. ბორბალო, თბილისის მაზრა, ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპ-ი, – 1937), ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
1895 დაამთავრა თბილ. ვაჟთა გიმნაზია, 1900 – პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და დაბრუნდა სამშობლოში. 1905-იდან მუშაობდა ნაფიც ვექილად. იყო რუს. პირველი სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი საქართველოდან, მთლიანად იზიარებდა არჩილ ჯორჯაძისა და მისი პარტიის საპროგრამო იდეებს საქართვ. ავტონომიის შესახებ, რის თაობაზეც პირველად აღძრა საკითხი რუს. სახელმწ. სათათბიროში. აქვე გამოდიოდა ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების, სიკვდილით დასჯის გაუქმების, გლეხებისათვის მიწის გადაცემისა და სხვ. მოთხოვნით. ი. ჭავჭავაძე ბ-ს რუსეთის სახელმწ. სათათბიროში საქართველოს ინტერესების ღირსეულ დამცველად მიიჩნევდა. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ვიბორგის საპროტესტო მოწოდებაზე ხელის მოწერისათვის დააპატიმრეს და გაასამართლეს.
ბ. გამოდიოდა დამცველად პოლიტ. საქმეებზე (მაგ., არსენ ჯორჯიაშვილის საქმე, 1917), 1923 სასამართლო პროცესზე იცავდა კათალიკოს ამბროსის (ხელაიას). 1918 წ. 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
ბ. მონაწილეობდა ქართ. კულტ.-საგანმან. საზ-ბების საქმიანობაში (ქართ. დრამ. საზ-ბების საქმიანობაში (ქართ. დრამ. საზ-ბის გამგეობის თავ-რის აკაკი წერეთლის მოადგილე). ჰქონდა შესანიშნავი დრამატული ტენორი. 1928 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეონკავალოს „ჯამბაზებში“ ბრწყინვალედ შეასრულა კანიოს პარტია. 1922–37 საქართვ. რესპ. დამცველთა კოლეგიის წევრი იყო.
რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ლიტ.: საითიძე გ., „ბედშავი ქართველი ხალხის“ ინტერესების დამცველი, «საისტორიო ვერტიკალები» 1991, № 1.