ბარათაშვილი მამუკა ავთანდილის ძე, XVIII ს. I ნახ. პოეტი.
1724 რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში. ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 მონაწილეობდა რუს. მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლ. მისიაში. 1730-იან წლებში ბ. იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართ. ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართ. ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბ. ეხება პოეზიის დიდაქტ. ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. ბ-ის ესთეტ. შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა განპირობებული. 1732 ბ-მა ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების „რუსუდანიანის“ (XVII ს.) II თავი, რ-საც ეწოდა „ჯიმშედიანი“. ბ-მა განავითარა ძვ. ქართ. საკარო პოეზიის ტრადიციები – 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა „ქება მეფისა ბაქარისა“; მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „იამბიკო“.
1736 ქართვ. თავადაზნაურობის დავალებით ბ. პეტერბურგში ეახლა რუს. იმპ. ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ბ. რუს. ქვეშევრდომი გახდა.
ბ. ქართ. ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.
თხზ.: თხზულებათა სრული კრებული თბ., 1969.
ლიტ.: მიქაძე გ., მამუკა ბარათაშვილი, თბ., 1958; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.
გ. მიქაძე