ბარათაშვილი (ქალიშვილობის გვარი ანდერსენი) მარგარიტა პეტრეს ასული (2. II. 1893, კოპენჰაგენი, – 4. IV. 1987, თბილისი), მხატვრული ხელსაქმის ოსტატი. წარმოშობით დანიელი.
1915-იდან ცხოვრობდა თბილისში. 1920-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1937 მისი ნახელავი წარმოდგენილი იყო მოსკოვსა და პარიზში. მონაწილეობდა საზღვარგარეთის (რუსეთი, გერმანია, ბულგარეთი, რუმინეთი) ქალაქებში მოწყობილ ხალხ. შემოქმედების ოსტატთა გამოფენებში (1974–82).
ბ. ქმნიდა სამოსის დეკორ. მორთულობის ნიმუშებს. შეისწავლა ქართ. ხალხ. შემოქმედების მნიშვნელოვანი უბანი – მთიელთა ხელსაქმე. მის ნამუშევრებში იგრძნობა ქართ. და სკანდ. ხელსაქმის ოსტატთა გავლენა.
დაიბეჭდა ბ-ის საუკეთესო ნამუშევრების 2 ალბომი (1976, 1986, თბილისი).