ბარათაშვილი (ბარატაევი) მიხეილ პეტრეს ძე [25. I. 1784, ქ. სიმბირსკი, – 30. VII. 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბ.], ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. ბ-ის საგვარეულო რუსეთში დასახლდა XVIII ს-ში. 1820–35 ბ. სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების საქმეზე, მაგრამ იმავე წელს გაათავისუფლეს მამხილებელი მასალის უქონლობის გამო.
ძვ. ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბ-ის ფუძემდებლურ ნაშრომში „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“ (1844, სპბ., რუს. და ფრანგ. ენებზე). ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართული ნუმიზმატიკის მეცნ. ტერმინოლოგიას. ბ-მა გამოიგონა და გამოიყენა ძვ. მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI ს. კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას თბილისის შესახებ. ბ-ის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრ. კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ.
ბ-ს კოლექცია ამჟამად დაცულია ბერლინის სახელმწ. მუზეუმში (გერმანია).
ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970.
ა. აფაქიძე