ბარათაშვილი საჩინო, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. II ნახევარში, მეფე სიმონ I-ის ერთგული მოხელე, ბოქაულთუხუცესი (1565), შემდგომ მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს – სარდალი.
სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ (1569) ბ. არ ემორჩილებოდა დავით XI-ს (დაუთ-ხანს), რისთვისაც, როგორც ჩანს, გადაუყენებიათ (1578 ახლო ხანებში მეწინავე სადროშოს სარდალი ყოფილა დაუთ-ხანის ბიძაშვილი ბაგრატ ბატონიშვილი). ბ-მა გელიყარის კლდიდან გადააგდო კახაბერ ყორღანაშვილი, რ-ის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I. 1587 საბუთში ბ. იხსენიება, როგორც ცოცხალი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან თბ., 1955.
გ. ჯამბურია