ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან (გ. 1671), ბარათაშვილთა ერთი შტოს, ორბელიშვილთა (გამოეყო 1536) წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, „დიდი ყაფლანის“ სახელით ცნობილი. ქართლის სამეფოს მდივანბეგი (იხსენიება 1634-იდან) და სახლთუხუცესი (იხსენიება 1646-იდან).
XVII ს. 20-იანი წწ. დასაწყისში, როცა ბარათა ბარათაშვილმა თავისი სახლიკაცები ამოწყვიტა, ყაფლანი ირანში გაიქცა, მარაბდის ბრძოლაში (1625) მონაწილეობდა ირანელთა მხარეზე. ერთგულობდა სიმონ II-ს, როსტომსა და ვახტანგ V-ს, რ-თაგან მრავალი ყმა-მამული მიიღო წყალობად. განაახლა ფიტარეთის მონასტერი, ააშენა და ყმებით დაასახლა 61 სოფელი, თავის მემკვიდრეებს დაუტოვა 80-მდე სოფელი. ჰყავდა ხუთი ვაჟი, რ-ებიც შემდეგ ქართლის სამეფოს დიდი მოხელეები გახდნენ, და ერთი ქალი როდამი (ვახტანგ V-ის პირველი ცოლი). დაკრძალულია ფიტარეთის მონასტერში.
ლიტ.: ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
გ. ჯამბურია