ბარალეთი, სოფელი ახალაქალაქის მუნიციპალიტეტში, (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალქალაქის პლატოზე, მდ. ბარალეთისწყლის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., დიდი სამსარი, იხტილა, მერენია, პატარა სამსარი). ზ. დ. 1730 მ, ახალქალაქიდან 19 კმ. 770 მცხ. (2014).
ბ-ში დგას შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამნავიანი ბაზილიკა, რ-ის აღმ. კედელზე მარცხნივ ლავგარდნის ქვეშ ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა...“, რადგან იმ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდ. ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობს. ბ-ში არის აგრეთვე სომხ. ეკლესია (XIX ს.).
დ. უკლება
ნ. ჩუბინაშვილი