ბარამბო (Melissa officinalis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. 30–120 სმ სიმაღლის დატოტვილი ღეროები და კვერცხისებრი ფოთლები აქვს. ფოთლის იღლიებში ჩხროებადაა (რგოლურად) შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები. ნაყოფი ყავისფერი კაკლუჭაა. მეტწილად სამხრ. ევროპასა და დას. და ცენტრ. აზიაშია გავრცელებული.
საქართველოში გვხვდება როგორც დას., ისე აღმ. ნაწილის ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, ბაღებსა და რუდერულ ადგილებში მთის ქვედა, იშვიათად ზედა სარტყელში, სამკურნ. და თაფლოვანი მცენარეა, ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, რ-იც მცენარეს ლიმონის სურნელებას აძლევს. გამოიყენება პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.
ლ. ხინთიბიძე