„ბარამგულანდამიანი“

„ბარამგულანდამიანი“, XVIII ს. ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, მომდინარეობს შუა საუკ. სპარს. ხალხ. დასთანიდან „ბაჰრამი და გოლანდამი“, რ-იც XVII ს. პოეტის ამინის ამავე სახელწ. პოემის პროზაული გადამუშავებაა. უცნობ მთარგმნელს (ზოგი ნუსხა მთარგმნელად ვახტანგ VI-ს ასახელებს) საკმაოდ ზუსტად გადმოუღია სპარს. ორიგინალი და ზოგი ჩანართი ლექსი. თარგმანის ენა მარტივია, ხალხ. კილოზე გამართული. თხზულება საინტერესოა რომანული ჟანრის განვითარების თვალსაზრისით, ასახავს მის გვიანდ. ეტაპს (ბარამის მიერ სურათით გამიჯნურება, სატრფოს ძიების გზაზე ათასგვარი რეალური თუ ფანტასტ. წინააღმდეგობის გადალახვა, ჯადოსნური ელემენტები, სატრფიალო წერილების გაცვლა-გამოცვლა, ბედნიერი ფინალი). თხზულება რამდენჯერმე (1880, 1886, 1901) გამოიცა იაფფასიან პატარა წიგნებად. 1773 პეტერბურგში გამოქვეყნდა ს. ეგნატაშვილის მიერ ქართულიდან რუსულად თარგმნილი „ბ.“

ლიტ.: გვახარია ა., ბარამგულან-დამიანი, «თსუ შრომები», 1967, ტ. 121 – აღმოსავლეთმცოდნეობის სერია; მისივე, სპარსული პროზის ისტორიიდან, თბ., 1973; Похождение принцессы Гуланданы и принца Барама. Текст к изданию подготовила, предисловием и словарем снабдила М. Н. Инасаридзе, Тб., 1983.

ა. გვახარია