„ბარამგულიჯანიანი“

„ბარამგულიჯანიანი“, „მცირე ბაამიანი“, XVIII ს. ქართული მწერლობის ძეგლი, ონანა მდივნის მიერ 1726 ასტრახანში გალექსილი პოემა, რ-შიც მოთხრობილია ჭაბუკი ბარამისა და ჩინელთა მეფის ასულის გულიჯანის სამიჯნურო თავგადასავალი. პოემისათვის დართულ ანდერძში ონანა მდივანი „ბ-ის“ ავტორად სპარსელ ჩუბინ ქირმანელს მიიჩნევს, ხოლო თავისი პოემის უშუალო წყაროდ თხზულების ქართ. პროზაულ თარგმანს ასახელებს. ჯერჯერობით მიკვლეული არ არის არც სპარს. დედანი, არც მისი ქართ. თარგმანი; ჩუბინ ქირმანელის სახელიც უცნობია სპარს. ლიტ. ისტორიისათვის; უარყოფილია მისი ხაჯუ ქირმანისთან გაიგივების ცდა. „ბ-ის“ დაკვირვებული შესწავლა ცხადყოფს მის საოცარ სიახლოვეს ვეფხისტყაოსანთან. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ონანა მდივანმა რუსთაველის პოემის მიბაძვით შექმნა ორიგინ. რომანტიკული თხზულება. „ბ-ის“ ავტორობის საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს.

ლიტ.: ბრეგაძე დ., ქართველი მწერლები რუსეთში, წგ. 1, თბ., 1958; გვახარია ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973; გუგუშვილი მ., პოლემიკა რუსთველის გარშემო, თბ., 1966.

ა. გვახარია