ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა

ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა, ერთ-ერთი უძველესი საწარმო საქართველოში.

დაარსდა 1936 წ. 1 დეკემბერს არტელ „ბუნებრივი საღებავების“ ბაზაზე ჩაისაგან კოფეინის საწარმოებლად. ეს იყო ევროპაში ერთადერთი ქ-ნა, რ-იც კოფეინს ამზადებდა ბუნებრივი მცენარეული ნედლეულისაგან. 1956–60 აშენდა კოფეინის საამქროს ახ. შენობა, დაიდგა თანამედროვე ტექნ. მოწყობილობანი. ქიმ. ნედლეულისაგან სინთეზური კოფეინის ათვისებასთან დაკავშირებით 1973-იდან შეწყდა ბუნებრივი ნედლეულისაგან კოფეინის წარმოება. ქ-ნაში დაიწყეს ახ. სახეობის პრეპარატების წარმოება. 1980-თვის საწარმო უშვებდა 40-ზე მეტი დასახელების სამედ. პრეპარატს, მ. შ. პლატიფილინს, კელინს, „P“ ვიტამინს, ალოეს წვენსა და ემულსიას, პეონის ნაყენს, ელეუტეროკოკის ექსტრაქტს, ბერბერინის აბებს, კოლხამინის მალამოს და სხვ. 1990-იდან საგრძნობლად შემცირდა ქ-ნის სიმძლავრე და ნომენკლატურა. 1996 განხორციელდა საწარმოს განსახელმწიფოებრიობა, გადაკეთდა სააქციო საზ-ბად. საწარმოს განვითარების ახ. ეტაპი დაიწყო 2006-იდან, მისი პრივატიზების შემდეგ. გარემონტდა და ახ. მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა საამქროები. ამავე წელს ქ-ნას გადაერქვა სახელი და ეწოდა „ბათფარმა“, ხოლო 2011-იდან – „ბიოპოლუსი“. კომპანია აწარმოებს ფარმაცევტული პროდუქციის ყველა ფორმას, მ. შ. ტაბლეტებს, კაფსულებს, საინექციო ხსნარებს, საინექციო ფხვნილებს, მალამოებს, გალენურ პრეპარატებს. ამჟამად უშვებს 150 დასახელების პრეპარატს, მათი 60% დაახლოებით მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული აქტიური ნივთიერებების გამოყენებით მზადდება. საწარმოს ექსკლუზიური პროდუქტია პლატიფილინი. ქ-ნის მიერ წარმოებული პროდუქცია გადის საზღვარგარეთ.

წარმოების შემდგომი გაფართოებისა და ექსპორტის არეალის გაზრდის მიზნით კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახ. ქ-ნის მშენებლობას, რ-ის ამუშავება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

მ. ჯიბუტი