ბათუმის ხელშეკრულება 1918, დაიდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის 1918 4 ივნისს.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აგრეთვე სომხეთისა და აზერბ. დელეგაციის წევრებმა. ბ. ხ-ის პირობები შემუშავდა მაშინ, როდესაც სამხრ. კავკასია ნაწილობრივ თურქეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბ. ხ-ით თურქეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურამალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაღეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვ. ბ. ხ-ით საქართველოს ჩამოსცილდა 11381 კმ² ტერიტორია 150 ათ. მცხოვრებით, ხოლო სომხეთს – 18125 კმ² ტერიტ. 404 ათ. მცხოვრებით. ბ. ხ-ის პირობები სამხრ.-კავკასიის ხალხებისათვის უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბრესტის ზავი 1918, რ-ის შესაბამისად თურქეთს უნდა გადასცემოდა ამიერკავკ. 14 135 კმ² ტერიტორია. 1918 წ. 4 ივნ. საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რ-ის თანახმად, საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რ-ებიც ეომებოდნენ თურქეთსა და მის მოკავშირეებს. გარდა ამისა, თურქეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხ. ინტერესებისათვის. ბ. ხ. გაუქმდა პირველ მსოფლიო ომში 1914 – 18 თურქეთის დამარცხების შემდეგ.
ლიტ.: Ключиников Ю. В., Сабанин А. В., Международная политика новейшего времени в дорогах, нотах и декларациях, ч. 2, М., 1926, с. 437 – 438.
ო. ჟორდანია