ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო ბარონ დე

ბაი (Baye) ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (Berthelot) ბარონ დე (1853, პარიზი, – 1931, იქვე), ფრანგი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

რამდენჯერმე იყო საქართველოში, დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთსა და საერთოდ დას. ევროპაში ქართ. კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. პირველად ჩამოვიდა 1897, მოიარა საქართვ. თითქმის ყველა კუთხე. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ წაიკითხა ლექციების სერია საქართველოზე, გამოაქვეყნა ფრიად საყურადღებო წიგნები: „საქართველოში“ (1898, მანამდე, 1898 წ. 15. II. მოხსენებად წაიკითხა პარიზის გეოგრ. საზ-ბაში), „კავკასიონის ქედის სამხრეთით“ (1899), „კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“ (1899), „თბილისი“ (1900), „იმერეთში“ (1902), „აფხაზეთში“ (1904). ფრანგ მკვლევარს საგანგებოდ მიუქცევია ყურადღება ქართ. თქმულება-ლეგენდებისათვის; ერთი ასეთი ლეგენდა-ზღაპრის „მიწა თავისას მოითხოვს“ შემოკლებული თარგმანია შეტანილი მის წიგნში „მშვენიერება“, რ-იც ჟ. მურიემ გადაბეჭდა ჟურნალ „ლე კოკაზ ილლიუსტრეში“ [„ Le Caucase illustré“, 1899 – 1900, № 1, სათაურით Conte Géorgien (ქართული ზღაპარი)]; 1900 ბ-მ ამ ნაწარმოების სრული ილუსტრირებული ტექსტი გამოაქვეყნა პარიზში ცალკე წიგნად – „მშვენიერება. ქართული ლეგენდა, თარგმნილი და პირველად გამოქვეყნებული ფრანგულ ენაზე ბარონ დე ბაის მიერ“.

ასევე დიდად დაინტერესებულა ფრანგი მკვლევარი ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს ცხოვრებით, კვლევა საფრანგეთშიც გაუგრძელებია; 1899 ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“ გამოქვეყნდა წერილი „წმინდა ნინოს თაყვანისცემა საფრანგეთში“, სადაც ბ-ს ღვაწლი საგანგებოდაა აღნიშნული. ბ-მ თბილისში გაიცნო ი. ჭავჭავაძე, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ილიას მისთვის უჩუქებია თავისი სურათი ავტოგრაფით „ბარონს დე-ბაის. ილია ჭავჭავაძე. 1899 წ. ტფილისი“, რ-იც ბ-ს ჩართული აქვს თავის წიგნში. ილიას პირად არქივში დღემდე დაცულია ბ-ს ნაჩუქარი წიგნი „კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“, რ-საც აქვს ასეთი წარწერა: „პოეტს, პატრიოტს, ისეთი მშვენიერი ქვეყნის შვილს, სადაც მზე მუდამ კაშკაშებს. თბილისი, 1899 წლის 12 ნოემბერი. სოსიკო დე ბაი“. წიგნში „იმერეთი“ ბ. აღტაცებული წერდა ა. წერეთელზე, რ-ის მრავალი ლექსის თარგმანი (პროზაულად) ჩართული აქვს ამ თხზულებაში.

თავისი წიგნები ბ-მ გამოუგზავნა აგრეთვე დ. სარაჯიშვილს, პოეტ გ. შერვაშიძეს; ახლო ურთიერთობა ჰქონდა მხატვარ გ. გაბაშვილთან (რ-საც ბ-თვის უჩუქებია თავისი სურათი წარწერით), ე. თაყაიშვილთან, თ. სახოკიასთან, ა. ცაგარელთან და სხვ.

თხზ.: Archéologie préhistorique, P., 1880; En Géorgie, P., 1898; Au Sud de la Chaine du Caucase, P., 1899; Tiflis, P., 1900; La Beauté, P., 1900; En Iméréthie, P., 1902.

ლიტ.: ბარონ დე-ბაი და ჩვენი ქვეყანა, «ივერია», 1901, №166; წერილი პარიზიდან, იქვე, 1898, № 39; ფანჩულიძე დ., ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1969.

მ. ტიტვინიძე