ბაიდარი (ძვ. წყალთაშუა), ისტორიული მხარე ქვემო ქართლში.
მოიცავდა მდ. ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს. ახლანდ. ბოლნისის მუნიციპ-ის სოფ. არხალოს (ძვ. ნახიდური) აღმ-ით. (ახლანდ. მარნეულის მუნიციპ-ის ქურთლარის სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე). XVII ს-ში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მომთაბარე თურქმანული მაჰმადიანი ტომები, რ-ებიც ცალკე სოფლებად სახლდებოდნენ და ქართვ. მეფის ყმებად ითვლებოდნენ. ბ-ის მოსახლეობა ქართლის სამეფოსა და მეზობელ სახანოთა შორის კონფლიქტების ვითარებაში ამ უკანასკნელთა მხარეზე გამოდიოდა. ამიტომ მეფე ერეკლე II-მ 1765 ბ-ს თავისი მოურავი დაუნიშნა. 1772 გერმ. მოგზაურის ი. გიულდენშტედტის ცნობით, ბ-ის მოსახლეობა ლაპარაკობდა თურქულად, ხოლო ქართლის მეფესთან მიმოწერას ქართულად აწარმოებდა.
წყარო: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 7, თბ., 1981.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965.
დ. ბერძენიშვილი