ბაიები

ბაიები, კლდეში გამოკვეთილი XII – XIII სს. ქართ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

სოფ. წყორძის დას-ით. დაახლ. კლდის შუა ადგილას, ვიწრო ტერასაზე 3 – 4 სართულად განლაგებულ შენობათა მთელი ჯგუფია, აქვეა გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი, მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრ. კედლები.

პატარა ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრ. და ჩრდ. კედლები და კამარაა ქვისა, დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში მხატვრობის კვალი შეინიშნება. ეკლესიების ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან იწყება კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები. გალავანში შესასვლელი კარი გამოკვეთილია ერთი დიდი გათლილი ლოდისაგან, რ-ის შუაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი. მესხეთს, რ-ის მოსახლეობასაც საუკუნეთა მანძილზე ავიწროებდა თურქეთი, განსაკუთრებით ესადაგება ამგვარი სიმაგრეები თავისი საიდუმლო სამალავებითა და გადასასვლელებით.

ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970.