ბაიერი (Bayer) გოტლიბ ზიგფრიდ (6. I. 1694, კენიგსბერგი,– 10. II. 1738, პეტერბურგი), გერმანელი ორიენტალისტი, სინოლოგი, სემიტოლოგი.
დაამთავრა კენიგსბერგის უნ-ტი, სადაც შეისწავლა აღმოსავლური ენები, შემდეგ იმავე უნ-ტში ასწავლიდა ბერძნ. ლიტ-რას. 1725 პეტერბურგში მიიწვიეს და აღმოსავლური ენებისა სიძველეთა კათედრა ჩააბარეს. ბ-მა შეადგინა რუს. მეცნ. აკადემიის წესდება, დასაბამი მისცა ე. წ. ნორმანულ თეორიას.
1728 აკად. შრომების პირველ წიგნში დაიბეჭდა ნაშრომი „კავკასიის კედლის შესახებ“, რ-შიც ბერძენ, რომაელ და ბიზანტ. ავტორებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კავკასიის გაყოლებით არსებობდა კედელი, რ-იც ამიერკავკასიას იცავდა ჩრდილოელი მომთაბარეებისაგან, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კედელი აშენდა ალექსანდრე მაკედონელის დროს. ავტორი აქვე აღწერს კავკასიის, კერძოდ, საქართვ. ჩრდ. საზღვარზე არსებულ უღელტეხილებს.
ბ-მა რუს. მეცნ. აკადემიის ჟურნ. „კომმენტარიებში“ (IX, 1744) გამოაქვეყნა კიდევ ერთი ნაშრომი X ს. რუსეთის სამხრ. საზღვრებისა და მეზობელი ხალხების შესახებ კონსტანტინე პორფიროგენტის მიხედვით. აქვე, ძვ. ბერძენი ავტორის არიანეს ცნობებზე დაყრდნობით ეხება კოლხეთში და შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს – ლაზებს, აფსილებს, აბაზგებს, სანიგებსა და სხვებს.